მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძეს ქუთაისის პარლამენტის შენობაში საერთაშორისო საფონდო ბირჟის გახსნის იდეა აქვს

5dff82cba436a
BM.GE
22.12.19 18:48
3628
პოლიტიკური გაერთიანების ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს ფინანსურ ცენტრად ქცევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო საფონდო ბირჟა. ამასთან, ხაზარაძე ამბობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო კი უნდა შეიქმნას მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც იმუშავებს ისეთი ტიპის უზარმაზარი კომპანიები , როგორიცაა ამაზონი, ალიბაბა, ფედექსი და სხვა.

“ქვეყანაში უნდა დამყარდეს კანონის უზენაესობა და უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის სრული განახლება. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წუთიდან მოვახდენთ სასამართლო სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას, ხოლო 6 თვის თავზე განვახორციელებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მასშტაბურ სასამართლო რეფორმას.

საქართველოში, მოკლე ვადაში უნდა მოვიწვიოთ ლონდონის ან სტოკჰოლმის არბიტრაჟის ანალოგიური საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუცია, საერთაშორისო ეკონომიკური დავების გადასაწყვეტად.

ქვეყანა უნდა ვაქციოთ რეგიონის ფინანსურ ცენტრად. საქართველოში უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო საფონდო ბირჟა. ეს შეიძლება მოხდეს ნიუ იორკის, ჰონგ-კონგის ან ლონდონის ბირჟების მონაწილეობით, სადაც აქტიურად განხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების აქციებით ვაჭრობა.

ვფიქრობთ, ასეთი ბირჟის გახსნა შესაძლებელია უფუნქციოდ დატოვებული ქუთაისის პარლამენტის შენობაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო კი უნდა შეიქმნას მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც იმუშავებს ისეთი ტიპის უზარმაზარი კომპანიები , როგორიცაა ამაზონი, ალიბაბა, ფედექსი და სხვა. ისინი ამ წერტილიდან - ფრენის 3 საათის რადიუსში შეძლებენ დაფარონ ნახევარ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზარი”,- აცხადებს ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები