იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ, გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ ზაფხულში საქართველოში ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება იგეგმება და მისი შემადგენელი ნაწილია მოსახლეობის ინფორმირება ადგილზე, ანუ რეგიონში ჩასვლა და ინდივიდუალური შეხვედრები. ასევე ჩხაიძის თქმით, პროცესებში აუცილებელია მედიის აქტიური ჩართულობა და დახმარება.
“ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავარწმუნოთ, რომ ერთი დამატებითი ბუსტერ დოზა იქნება გამოსავალი და მთავარი დამცავი მექანიზმი ინფიცირების წინააღმდეგ, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მაღალ იმუნიტეტს და მოგვცემს შესაძლებლობას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ვისაუბროთ ინფიცირების რისკების შემცირებაზე,” - ამბობს ჩხაიძე, რომელიც BMG-ის მიერ დასულ შეკითხვაზე, არის თუ არა ვაქცინაციის კამპანია ქვეყანაში დაგვიანებული, განმარტავს, რომ ის არის დროული და სწორედ ახლა გვაქვს მდგომარეობა, როდესაც მატების ტენდენციაა დაწყებული.
“ამ მიმართულებით აქტიურობა ვფიქრობ არასდროს დაგვიანებული არაა და თუ ახლაც დავიწყებთ დროულად მუშაობას იქნება სწორი გადაწყვეტილება და ამ გზით, მოსახლეობის თუნდაც მცირე ნაწილის დარწმუნებას მაინც შევძლებთ, რომ აიცრან,” - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა.
ჩხაიძე ასევე ვარაუდობს, რომ აცრილი ადამიანების რაოდენობის მნიშვნელოვანი მატება არ გვექნება, თუმცა კარგი იქნება თუ მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში, აცრილი მოსახლეობის მაჩვენებელი 60-%-მდე გაიზრდება.