მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზამთრის კურორტების სასტუმროების პრობლემებზე ერთობლივად ვიმუშავებთ“ - მინისტრი

5fc4ff39a75fe
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.20 18:23
1154
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების პრობლემების მოგვარებაზე უწყება კერძო სექტორთან ერთად იმუშავებს. ამის შესახებ მინისტრმა სასტუმროების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა პირადად ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებისგან მოისმინა ის პრობლემები, რომელიც მათ ამ ეტაპზე დაუდგათ.

„ეს არის სპეციფიკური საჭიროებები, ვინაიდან საქართველოს სხვა რეგიონებში სასტუმროები ფუნქციონირებას აგრძელებენ, აქ კი იძულებულები გავხდით, იანვრის ბოლომდე შეგვეჩერებინა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების მუშაობა. ცხადია, მათ აქვთ პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზეც ერთობლივად ვიმუშავებთ, იქნება ეს ბანკებთან შუამდგომლობა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გარკვეული კომპონენტის მათზე უკეთ მორგება თუ სხვა, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ყველა სასტუმრო ჩართულია მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირებაში, რომელიც სარესტორნო სექტორზე გავრცელდა.

„თუმცა, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მეტი დახმარება და თანადგომა დასჭირდებათ და მათთან ერთად დიალოგის რეჟიმში გამოვკვეთავთ იმ პრობლემატიკას, რაზეც შეიძლება ცალკე ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები