საქართველოდან კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით რეგულარული რეისები 1 ნოემბრიდან აღდგება. შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში 19 ოქტომბერს შევიდა.
როგორც ნორმატიული დოკუმენტიდან ირკვევა, პირველი ნოემბრიდან რეისები აღდგება თბილისის
შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შემდეგ ქალაქებში: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი და მილანი. ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის მიმართულებებით.
ცნობისთვის, 2020 წლის 13 ივლისიდან შეზღუდვა მოხსნილია იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით. ხოლო 1 ოქტომბრიდან აღდგა ფრენები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის.