მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს პრადამ რეკორდული, €4.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო

640f1c6924003
ლიკა მეგუთნიშვილი
13.03.23 23:55
674
მსოფლიოში ცნობილი იტალიური მოდის სახლმა პრადამ 2022 წელს რეკორდული, €4.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რითაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ €4.01 მილიარდიან მაჩვენებელს გადააჭარბა.

რაც შეეხება საცალო გაყიდვების მაჩვენებელს, 2021 წელთან შედარებით ის საშუალოდ 24%-ით გაიზარდა. გაყიდვების თვალსაზრისით, რეგიონებს შორის ევროპა ლიდერობს, სადაც 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით პრადამ პროდუქციის რეალიზაციის მაჩვენებელი 63%-ით გაზარდა.

რაც შეეხება აშშ-ს, იმის გამო, რომ გასულ წელს ევროპასთან შედარებით აქ სამომხმარებლო აქტივობა შედარებით დაბალი იყო, პრადას გაყიდვების მაჩვენებელი მხოლოდ 22%-ით გაიზარდა.

როგორც Prada Group-ში აცხადებენ, კოვიდპანდემიის შემსუბუქების შემდეგ ტურიზმის აღდგენამ პრადას ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა თუ აქსესუარებზე მოთხოვნის გაზრდა განაპირობა. გაზრდილმა მოთხოვნამ კი, კომპანიას რეკორდული წლიური შემოსავალი მოუტანა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ჩინეთში კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქება სექტორს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ 2023 წელს ზრდის მაჩვენებელი შეინარჩუნონ.

„2023 წელს ჩვენ ველით, რომ შემოსავლები ზრდის ტენდენციას განაგრძობს და ის კვლავ, საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს“, - თქვა Prada-ს ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეა გუერამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები