მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 წლის წინ დაწყებული მაჭავარიანი-გელოვანის გზის პროექტის დასრულება 12-ჯერ გადავადდა

63c7dd370ac93
ანუკა ჯოხაძე
18.01.23 15:58
1256
მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირების დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და კონტრაქტით 210 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ადგილზე სამშენებლო პროცესები დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებდნენ, პროექტის გაჭიანურება მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია.

ადგილზე ამ ეტაპზე სამუშაოებს რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს, ერთ-ერთი კი, რომელიც გზის სამშენებლო სამუშაოებზეა პასუხისმგებელი, კომპანია "ბლექ სი გრუპია".

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებიდან ირკვევა, "ბლექ სი გრუპი" გზის სამშენებლო სამუშაოებს დამჭერი კედლების მშენებლობის გამო ვერ აგრძელებდა. აღნიშნული მიზეზით სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე ჯამში 12-ჯერ გადავადდა.

ხელშეკრულებაში ერთ-ერთი ბოლო ცვლილება იმავე მიზეზით გასული წლის 27 დეკემბერს შევიდა. ცვლილებების მიხედვით “ბლექ სი გრუპს” სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის 31 იანვრამდე გაუხანგრძლივდა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი აღნიშნული პროექტის დასრულების განსხვავებულ თარიღს ასახელებს. კახა კალაძის თქმით, სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

„დედაქალაქში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამ დროისთვის, კრწანისის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის მთლიანად დასრულდება. ასევე, მიმდინარეობს ბაგების დასახლების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2023 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

გარდა ამისა, ბოლო ეტაპზეა გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა. ამ დროისთვის, პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. რაც შეეხება 2023 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, წერეთლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ამასთანავე, უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი შალიკაშვილის სახელობის ხიდის და მშვიდობის ხიდის მთლიანი რეაბილიტაცია-მოწესრიგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, კომპანია ბლექ სი გრუპთან აღნიშნულ პროექტზე ხელშეკრულება 10 ივლისს გაფორმდა. პროექტის ღირებულება თავდაპირველად 15 მლნ ლარი იყო, თუმცა ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების მიხედვით, "ბლექ სი გრუპს" თბილისის მერია სამუშაოების შესრულებაში 16.4 მლნ ლარს უხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები