საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა, არჩილ ჩუხრუკიძემ „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, რეგულაციების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მიაჩნია რომ იგი მკაცრია. „მოვიკითხეთ და ასეთი მკაცრი რეგულაციები სხვა ქვეყნებში არ არის“, - თქვა მან.
არჩილ ჩუხრუკიძემ ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელს, როდესაც აღნიშნული კანონპროექტის მიღება შეჩერდა, მას შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ამ საკითხზე ექიმებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. ამის მიუხედავად, იგი ამბობს, რომ მათ შორის სასამართლოს ნაწილში გარკვეული რეგულაციების შერბილება მაინც მოახერხეს.
„ჯანდაცვა და მედიცინაში პაციენტთან ერთად ექიმიც არის და კანონპროექტში ერთ სიტყვა არ არის ნათქვამი ექიმების უფლებების დაცვაზე და უსაფრთხოებაზე. მესმის ჯანდაცვის მესვეურების მიდგომა ამაზე და გარკვეულ წილად მხარს ვუჭერ, რომ არის კლინიკები, სადაც რაღაც დარღვევებია, რაც გამოვლენილი და აღმოჩენილი უნდა იქნას, მაგრამ ექიმების და კლინიკების უფლებები დარღვეული არ უნდა იყოს.
თუმცა, ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის დეფიციტია. 3 წლის წინ ეს კანონპროექტი არ იქნა მიღებული და თუ ჯანდაცვის სამინისტრო თვლიდა, რომ ეს კანონპროექტი აუცილებლად მისაღები იყო, ხომ შეიძლებოდა, მაგალითად, იანვარში ან დეკემბერში სამინისტროს ჩვენთან კომუნიკაცია ჰქონოდა და შევჯერებულიყავით იმ საკითხებზე, რომელზეც მეტ-ნაკლებად ახლა შევჯერდით და ეს კანონპროექტი, მშვიდად, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე მიგვეღო.
ახლაც ვიაქტიურეთ, რადგან პირველი კანონპროექტი სამედიცინო საზოგადოებისთვის არასწორი და კაბალური იყო - ვგულისხმობ, იგივე სასამართლოს გარეშე კლინიკაში შესვლას. დისკუსიის შემდეგ, ის ცოტა შეიცვალა და ახლა რეგულირების სააგენტოს შემოსვლის უფლება წერილობითი განცხადების საფუძველზე აქვს. შემოსვლის შემდეგ სასამართლოს მაინც უნდა მიმართოს, რადგან შემოსვლის ვალიდურობა და სისწორე დაუდასტუროს. ყოველ შემთხვევაში სასამართლო მაინც არსებობს, როგორც მოთამაშე არბიტრი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი პოზიცია წარმოვადგინოთ და დავიცვათ“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, რა რჩება პრობლემად, რასაც თვლის, რომ კიდევ უნდა შერბილებულიყო? მან თქვა, რომ აღსრულების პროცესი. მან ასევე ჯანდაცვის ხარისხზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია პაციენტი ამ ცვლილებებით რას მიიღებს.
„აღსრულების პროცესში ზედმეტად გამკაცრებულია - ეს გამოიხატება გაორმაგებულ და გასამმაგებულ ადმინისტრაციულ ჯარიმებში. აღსრულება მოხდება მარეგულირებლის მიერ გამოწერილი ელექტრონული ქვითრის საფუძველზე, ანუ როდესაც მარეგულირებელი შემოდის, მას შეუძლია ჯარიმის ოდენობა განსაზღვროს, რაც კლინიკამ მაშინვე უნდა გადაიხადოს და ამის შემდეგ შეუძლია მას ამტკიცოს, რამდენად სწორად იყო ეს ჯარიმა გამოწერილი - ეს ჩვენ დაუცველ პირობებში გვაყენებს და რისკებთან არის დაკავშირებული. წინა რედაქციაში მარეგულირებელს სასამართლოსთვის უნდა მიემართა და ის განსაზღვრავდა ჯარიმის ოდენობას.
არ ვიცი პაციენტი ამ ცვლილებებით რას მიიღებს ხარისხთან დაკავშირებით, რადგან ჯანდაცვაზე ხარისხი მხოლოდ დოკუმენტაცია, ჯარიმები, სანტიმეტრები, საწოლების რაოდენობა, ინფრასტრუქტურული ნაწილი არ არის. ჯანდაცვის ხარისხი არის მაღალი ტექნოლოგიები. მაღალი ტექნოლოგიების განვითარება და ჩამოყალიბება კი შესაძლებელია წარმატებული კლინიკებისა პირობებში. ხარისხს წყვეტს თანამედროვე წინ მიმავალი მედიცინა, ახალი ტექნოლოგიები და განათლებული ექიმები. ეს არის გასაღები და ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტრომ ამის მისაღწევად ერთმანეთთან უნდა ვითანამშრომლოთ", - განმარტა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ: „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში შესვლა ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია, თუმცა მარეგულირებელი ვალდებულია, პარალელურად შეტყობინების გაგზავნიდან 72 საათის განმავლობაში სასამართლოსგან შემოწმების მიზანშეწონილობის დადასტურება დასჭირდება. გარდა ამისა, მარეგულირებელი არა ერთხელ არამედ 3-ჯერ შეძლებს წლის განმავლობაში დაწესებულებებში სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლას.
რას ეხება გამკაცრება:
თუ აქამდე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება და ამაში იგულისხმება საწარმოში შესვლა, დოკუმენტების მოთხოვნა, საწარმოს საქმიანობის შეჩერება, მეწარმის კუთვნილი ქონების დალუქვა, საწარმოს დათვალიერება, გამოშვებული ნაწარმის ხარისხის შემოწმება - შერჩევითი კონტროლით წელიწადში ერთხელ შეეძლო და ამისთვის სასამართლოს ნებართვა არ სჭირდებოდა, ახალი ცვლილებით, ეს წელიწადში სამჯერ შეეძლება. კანონი ძალაში 1-ელი აგვისტოდან შედის.
ასევე, რეგულირების სააგენტოს უფლება ეძლევა, შეტყობინების გარეშე, პაციენტის საჩივარზე ან სხვა საყურადღებო შემთხვევებზე რეაგირებისთვის, როგორც კლინიკებში, ისე ფარმაცევტულ სექტორში ინსპექტირების მიზნით შევიდეს. აღსანიშნია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ უფლებას სასამართლოს ნებართვის გარეშე ითხოვდა, რისი
საპარლამენტო განხილვების შედეგად, კანონის საბოლოო ვერსიაში ჩაიწერა, რომ მარეგულირებელს სამედიცინო დაწესებულებაში სასამართლოს ნებართვის გარეშე შეეძლება შესვლა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში სასამართლოს უნდა აცნობოს.
ამასთან, ამოქმედდა სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების მექანიზმი. 1-ელი აგვისტოდან ძალაში შედის კლინიკებისთვის გაორმაგებული ჯარიმებიც.
ყველა ამ რეგულაციის შემოღების თუ გამკაცრების მთავარი მიზანი, ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჯანდაცვის სისტემაში პაციენტის დაცულობის გაზრდაა.