აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქით კრაჩმა განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის ანუ DFC-ის (ყოფილი OPIC) რეგიონული ოფისის გახსნა განიხილება. კრაჩის თქმით, ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებას შეუწყობს ხელს.
კრაჩმა ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
"DFC-ის ოფისის საქართველოში გახსნას განვიხილავთ. მე კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც ვარ. ეს ნაბიჯი კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის. როდესაც DFC ქვეყანაში შედის და კერძო სექტორთან ერთად ინვესტიციებს დებს, ეს სხვა კომპანიებსაც წაახალისებს,” - აცხადებს კრაჩი.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ჯერ დამტკიცებული არაა, თუმცა მას სავარაუდოდ მხარდაჭერა აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციისგანაც ექნება.
DFC-ის უმსხვილესი პროექტი საქართველოში ფოთის ახალი ტერმინალის პროექტია, რომელსაც ფოთის პორტში მოღვაწე ქართული კომპანია Pace-ი ახორციელებს. DFC პროექტს $50-მილიონიანი სესხით აფინანსებს. წარსულში DFC-ის მიერ ანაკლიის პორტის დაფინანსების საკითხიც განიხილებოდა.