ღვინის მწარმოებელი კომპანია “ასკანელი ძმები“ საერთაშორისო ბრენდის 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Askaneli Trademark Collection by Wyndham-ს მიმდინარე წლის აგვისტოში გახსნის.
კახეთში, სოფელ სანავარდოში ახალი სასტუმრო „ასკანელი ძმების“ ქარხნის მიმდებარედ ამოქმედდება. სასტუმრო კომპლექსი ვენახის გულში მდებარეობს და გარს კავკასიონის მთები და ვენახი არტყამს. 2 ბლოკისგან შემდგარი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ დოლარია. როგორც BM.GE-ის “ასკანელი ძმების“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი უგლავამ განუცხადა, სასტუმრო გამორჩეული დიზაინით აშენდა და მისი ერთ-ერთი შენობა ყურძნის მტევნის ფორმის არის, რაც ღვინის ტურიზმთან პირდაპირ კავშირშია.
„სასტუმროს ამოქმედების იდეა 2019 წელს გაჩნდა, თუმცა თავად პროექტის განხორციელება 2020 წლის ივლისში დავიწყეთ. დღეს პირველი ბლოკი აშენებულია და შიდა სარემონტო სამუშაოები და კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ეს ბლოკი 46-ნომრიანია და ის პირველ სტუმრებს აგვისტოდან მიიღებს. რაც შეეხება სასტუმროს განვითარების შემდეგ ეტაპს, მეორე ბლოკის ამოქმედება დაახლოებით 1 წლის განმავლობაში იგეგმება. სრული დატვირთვის შემდეგ სასტუმროში 120-150 ადამიანი დასაქმდება“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Askaneli Trademark Collection by Wyndham ჯამში მოიცავს 80 ნომერს, რესტორნებსა & ბარს, ღვინის სადეგუსტაციო ბარს, სპა ცენტრს, ღია და დახურული აუზებით, სპა პროცედურებით, საუნებითა და გამაჯანსაღებელი ცენტრით. ამასთან, კომპლექსის ტერიტორიაზეა მრავალფუნქციური საღონისძიებო სივრცე მოეწყობა, რომელიც როგორც მასშტაბურ ისე მცირე ზომის ღონისძიების მასპინძლობას შეძლებს. სასტუმრო კომპლექსის მთავარი მიმართულება ღვინის დეგუსტაცია და გასტრონომიაა. კომპლექსს სარეკრეაციო სივრცე არტყამს გარს, სადაც ღვინის მარანი და „კახური ეზო“ მოეწყობა. სასტუმრო კომპლექსის სტუმრებს ქართული ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.
„სწორედ, ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი Wyndham-ის სასტუმროთა ქსელიდან Trademark Collection-ის ბრენდზე. რადგან ის სწორედ, რომ გამორჩეული კონცეფციის, ხასიათის, იდენტობის მქონე რეზორტის ტიპის სასტუმროების ბრენდს წარმოადგენს“, - აღნიშნა სასტუმროს მენეჯმენტ კომპანია Coredeal-ის დირექტორმა თამარ გულედანმა BM.GE-სთან საუბრისას.
მისი თქმით, Askaneli Trademark Collection by Wyndham-ი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების მიღებასა და მომსახურებაზეა გათვლილი.
„სასტუმრო კომპლექსი სტუმრებს ერთი მხრივ, გართობა, ღვინის დაგემოვნებასა და ახალ კულინარიულ თავგადასავალს სთავაზობს. მეორე მხრივ კი მისი ინფრასტრუქტურა პასიური დასვენების მოყვარულთა მოთხოვნებსაც პასუხობს. ეს საუკეთესო ადგილია, დედაქალაქთან ახლოს, დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ, შაბათ-კვირის შთაბეჭდილებებით დამუხტვისათვის, წყვილებისათვის ან მეგობრების ან ოჯახთან ერთად დროის გატარების მსურველთათვის.
რაც შეეხება უცხოური ბაზრების მოცვასა და საფასო პოლიტიკას, კოვიდ ვითარებების გამო, რომელიმე კონკრეტული ქვეყნებიდან ტურისტთა ნაკადზე მოლოდინების გაკეთება ან მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებაში, ფასთა პოლიტიკის დადგენა რთულია. თუმცა, სასტუმრო მაღალი კლასის მომსახურებები და მრავალპროფილიანი ინფრასტრუქტურა ექნება და საფასო პოლიტიკაც ამავე კლასის სასტუმრო კომპლექსების მსგავსი იქნება“, - განმარტა თამარ გულედანმა და დასძინა, რომ კოვიდ ვითარებამ სასტუმროს მომხმარებელთა სეგმენტაცია სრულად შეცვალა და ბოლო პერიოდში, ადგილობრივი ტურისტები საქართველოს რეზორტის ტიპის სასტუმრო კომპლექსების ძირითად მომხმარებელს წარმოადგენენ. სასტუმროების ფასთა პოლიტიკა კი მოქნილი და მომხმარებლის მოლოდინებზე მორგებული გახდა.