მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე წვენების ახალი კომპანია შემოდის - ინვესტიცია 2,3 მლნ ლარია

626bee1dbc874
მარიამ იზორია
29.04.22 21:40
5420
უახლოეს პერიოდში ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული ნატურალური წვენების მწარმოებელი ახალი ბრენდი - „მაისი“ გამოჩნდება, რომელიც მომხმარებელს 5 სახეობის, ვაშლის, ვაშლი-საფერავის, რქაწითელის, ფორთოხლის, ფორთოხალი-სტაფილო-ვაშლის, წვენს შესთავაზებს.

საწარმოს, რომელიც ნატახტარში მდებარეობს, წლიურად 1 500 000 ბოთლი პროდუქტის წარმოება შეუძლია.

კომპანიის დირექტორი რეზო აბაშიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ პროექტში 2 300 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც სოფლის მეურნეობის სააგენტოს გრანტმა 600 000 ლარი შეადგინა.

მისივე თქმით, „მაისი“ ადგილობრივ ბაზარზე მომავალი კვირიდან გაიყიდება, თუმცა კომპანია საქართველოში მხოლოდ წარმოების 20%-ით იქნება წარმოდგენილი, პროდუქციის ძირითადი ნაწილი კი ექსპორტზე გავა.

„ადგილობრივი ხილისგან ჯერჯერობით 5 სახეობის წვენებს ვასხამთ. ამ დროისთვის საცდელი რაოდენობა ჩამოვასხით და ქსელურ მარკეტებში მომდევნო კვირიდან გამოვჩნდებით. ჩვენი ძირითადი მიმართულება ექსპორტი იქნება, ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ 20%-იანი წილით ვიქნებით წარმოდგენილები. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია, წარმოების პროცესში დანამატებს არ ვიყენებთ. გვაქვს დაბალი საფასო სეგმენის წვენების წარმოების საშუალებაც, შეგვიძლია წყალი და შაქარი დავამატოთ, თუმცა ჩვენი ამბიცია 100%-ით ნატურალური წვენია, ამიტომ დაბალი საფასო სეგმენტის მიმართულებაზე უარი ვთქვით.

ექსპორტის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით, მათ შორის, ნიმუშები დიდ ბრიტანეთში უკვე გავაგზავნეთ. შემდეგი ევროპის სხვა ქვეყნები იქნება, ვიმუშავებთ აზიის ქვეყნებზეც. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე წვენების წარმოებით შემოვიფარგლებით, თუმცა მომავალი წლიდან შესაძლოა შემნახველი გავაკეთოთ, ამ მიმართულებით ბევრი იდეა გვაქვს“ - ამბობს „მაისის“ დირექტორი.

ცნობისთვის: ახალი საწარმო 8 ადამიანს უკვე ასაქმებს და როგორც რეზო აბაშიძე ამბობს, ხილის სეზონის გააქტიურებასთან ერთად თანამშრომლების რაოდენობაც გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები