მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტთა ასოციაცია GMP-ის სტანდარტზე ეტაპობრივად გადასვლის ინიციატივით გამოდის

5eabedbb26b2f
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.20 14:17
1706
ფარმაცევტთა ასოციაცია 4 მაისს სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ონლაინ კონფერენციას ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია საკუთარ facebook გვერდზე აქვეყნებს.

BM.GE დაინტერესდა, რა გამოწვევების წინაშე დააყენა COVID-19-მა ფარმაცევტული სექტორი და როგორ უნდა დაძლიონ ადგილობრივმა მწარმოებლებმა თუ ბაზრის მოთამაშეებმა ის  - ამ და სხვა კითხვებით ასოციაციის პრეზიდენტ ლევან გოგიბერიძეს მივმართეთ. 

ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მთავარი გამოწვევა ადგილობრივი წარმოების გააქტიურება და ბაზრის ადგილობრივი სამედიცინო დანიშნულიების პროდუქციით შევსებაა.

„ადგილობრივ ფარმაცევტულ წარმოებას უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ დროს ასეთი პანდემიების პირობებში შესაძლებელია, ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა ვეღარ მოახდინონ წამლების იმპორტირება და ბაზარი  წამლებზე შეზღუდული წვდომის წინაშე აღმოჩნდეს. დღევანდელი ვითარებით ადგილობრივ მწარმოებლებს ბაზრის სულ 11% უკავია, ვთვლი რომ ეს არის მცირე პროცენტი და ჩვენ უნდა დავსახოთ ის გზები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ჩვენს მეწარმეებს განვითარების, ახალ ეტაპზე გადასვლის და იმ გამოწვევების დაძლევის საშუალება მივცეთ, რომლის წინაშეც დღეს ვართ. ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით ჩვენი მწარმოებელთა ნაწილი ჩართულია "აწარმოე საქართველოს" პროგრამაში, კარგი ურთიერთობა გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან, რომლის დახმარებით ადგილობრივ მწარმოებლებს დღგ-ის დაბრუნების სქემაში ჩართვა შეუძლიათ, თუმცა გამოწვევები ამით არ სრულდება“, - აცხადებს ლევან გოგიბერიძე.

მისი განცხადებით, ფარმაცევტულ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის უმთავრეს პრობლემას GMP-ს (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის ამოქმედების ვადები წარმოადგენს, რადგან ვირუსის გავრცელებით შექმნილმა მდგომარეობამ ადგილობრივ მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებზეც იქონია გავლენა.

„2022 წელს ფარმაცევტული წარმოებები GMP-ის სტანდარტზე უნდა გადავიდნენ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ფაქტობრივად, გაჩერებული ინფრასტრუქტურა, რაც ეჭვქვეშ აყენებს წარმოებების ახალ სტანდარტზე გადასვლას. ჩვენ ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს, რომ ეტაპობრივად მოხდეს GMP-ის სტანდარტზე გადასვლა, თუმცა ჯერ პასუხი არ გვაქვს.

რას გულისხმობს ეს ინიციატივა - თითოეულმა მწარმოებელმა უნდა წარმოადგინოს სტანდარტზე გადასვლის ინდივიდუალური გეგმა და ეტაპობრივად მოხდეს გადასვლა. ეტაპობრივი გადასვლის პროცესი ჩვენი გათვლებით 2027 წელს უნდა დასრულდეს, რა დროისთვისაც ყველა საწარმო, რომელიც წარმოადგენს განვითარების გეგმას და დააკმაყოფილებს სტანდარტებს, მიიღებს ამ სტატუსს.

GMP-ის სტანდარტზე გადასვლა აუცილებელია, ეს საშუალებას აძლევს მწარმოებელს, რომ უფრო მეტ უცხოურ ბაზარზე გავიდეს, მოახდინოს მისი ნაწარმის ექსპორტზე გატანა. ის, რომ 2022 წელს ამ ფარმაცევტულ კომპანიებს შევუზღუდოთ წარმოება და ფაქტობრივად, გავუშვათ ბაზრიდან, ეს სწორად არ მიმაჩნია.

ეტაპობრივი გადასვლა უნდა შეეხოს იმ წარმოებებს, რომლებიც წარმოადგენენ თავისი განვითარების გეგმას - იმ მატერიალურ თუ ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც მათ აქვთ და მხოლოდ ამ თითოეული პროექტის განხილვის შემდეგ უნდა დაუშვას მთავრობამ, რომ მათ შეძლონ სტანდარტზე გადასვლა. ეს არ ეხება მხოლოდ წარმოებას, ეს ეხება დისტრიბუციას, რეალიზაციას და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 ივლისიდან უკვე შესაძლებელია GMP-ის სტანდარტით ნებაყოფლობით მიღება, თუმცა ეს წესი შემუშავდა 2020 წლის მარტში და არა 2019 წლის ივლისში, როდესაც 2 მწარმოებლის მიერ მოთხოვნა იყო, რომ დაედასტურებინათ მათი, როგორც საერთაშორისო სტანდარტის მწარმოებლის სტატუსი ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ამ სტანდარტის გაცემის წესი არ იყო, ახლა გაცემის წესი შემუშავებულია და როგორც მე ვიცი, ერთ წარმოებას უკვე შეტანილი აქვს სტანდარტის დასაკმაყოფილებლად განაცხადი. ჩვენი კონფერენციის მიზანია, პრაქტიკოსებისაგან, რომლებიც ჩართულნი არიან მთლიან საწარმოო და სარეალიზაციო ჯაჭვში, მოვისმინოთ რა უჭირთ, რა პრობლემები აქვთ“, - აცხადებს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები