მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავრცელდება თუ არა ტურიზმის მოსაკრებელი ადგილობრივ ტურისტებზე? - ბერძენიშვილის განმარტება

64ad9feec913c
ალა ისპირიანი
11.07.23 23:45
499
საქართველოში შესაძლოა ე.წ ტურიზმის მოსაკრებელი დაინერგოს. სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ტურიზმის ინსტიტუტმა USAID-თან ერთად მოსაკრებლის შემოღებასთან დაკავშირებით ბათუმის და ქობულეთის სასტუმროების აზრი გამოიკვლია.

კვლევიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის გამოკითხული წარმომადგენლების ნახევარზე მეტი იდეას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მოსაკრებელი დადებითად იმოქმედებს ტურიზმის მდგრად განვითარებაზე. თუმცა სასტუმროების ნაწილს ასეთი გადასახადის შემოღება აშფოთებს. ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მამუკა ბერძენიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა, რომ კვლევის მიხედვით, ტურისტული ობიექტების 80%, არ იყვნენ ინფორმირებული ტურისტული მოსაკრებლის შესახებ და მათი შეშფოთება უფრო „შიშია, ვიდრე რისკი“.

„მოსაკრებლის დაწესების შემთხვევაში, ერთ ადამიანზე 4,20 ლარით გაძვირდება მოგზაურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თანხა რეალურად დიდი არ არის და თუ ტურისტს საქართველოში მოგზაურობა სურს ამ თანხის სიდიდე მას ვერ გადაარწმუნებს. კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი ტურისტული ობიექტების 80%, არ იყვნენ ინფორმირებულნი ტურისტული მოსაკრებლის შესახებ, ისინი უბრალოდ არ იცნობდნენ ამ კონცეფციას“, - განაცხადა მან.

მამუკა ბერძენიშვილმა მოსაკრებლის დაწესების დადებით მხარეებზეც ისაუბრა და რამდენიმე მიმართულება დაასახელა, რომელსაც ეს მოსაკრებელი განვითარებაში დაეხმარება. მან ასევე თქვა, რომ მოსაკრებელი მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე გავრცელდება და მუნიციპალური ხელისუფლებისთვის ამის დაწესება ნებაყოფლობითი იქნება.

„ეს თანხა 100%-ით მუნიციპალურ ბიუჯეტში შევა. საუბარია, რომ თავიდან 1 ლარის დაწესებით დაიწყოს - ჩვენი კვლევა ამბობს, რომ გამოკითხულების უმრავლესობა 1 ლარს ემხრობა. წელს ეს მოსაკრებელი ბათუმში უკვე დაწესებული რომ გვქონოდა, მუნიციპალურ ბიუჯეტში 4-დან 6 მილიონ ლარამდე შევიდოდა. ასევე, სასტუმროების ადგილების განთავსების და ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ევროპულ პრაქტიკაში არის გადასახადის ზრდის მცირე ნაბიჯებით დანერგვის პოლიტიკა, მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად 10 თეთრით გაიზრდება ეს გადასახადი. შესაბამისად თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, 4 მილიონის ნაცვლად, პირობით 5 წლის შემდეგ, შესაძლოა 20-25 მილიონი ლარი შემოგვივიდეს. ეს ნიშნავს, რომ ტურიზმის პოლიტიკის მართვა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ ხელისუფლებას და ტურიზმის მართვის დეცენტრალიზაციის დონე გაიზრდება.

ეს არ იქნება ვალდებულება, მუნიციპალური ხელისუფლებისთვის ეს იქნება ნებაყოფლობითი და ეს შეეხება მხოლოდ უცხოელ ტურისტებს და არა ადგილობრივ მოსახლეობს“,- განაცხადა მან.

კითხვაზე, რაში შეიძლება დაიხარჯოს მუნიციპალურ ბიუჯეტში მოსაკრებლიდან მიღებული თანხა, ის ამბობს, რომ მათ შორის შეიძლება იყოს გამწვანება და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა.

„ასევე იქნება საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა, ნარჩენების უკეთ მართვა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი მარშრუტების განვითარება, პარკირების უკეთესი რეგულირება, პარკირების სივრცეების გარდა და ა.შ. თუ ეს ცვლილება შესაბამის კანონში შევიდა, ეს ნიშნავს რომ ყველა მუნიციპალიტეტს შეეძლება თავისი შეხედულებისამებრ დააწესოს ან არ დააწესოს მოსაკრებელი“,- განაცხადა მან.

რაც შეეხება ვადებს, თუ როდის შეიძლება მოსაკრებელი დაწესდეს, იგი ამბობს, ალბათ ერთ ან ორ წელში:“ამიტომ,ჯერ კიდევ არის დრო, მაქსიმალურად ყველა რისკი გამოირიცხოს, რაც შეიძლება ამ გადასახადის დანერგვას თან ახლდეს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები