საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თურქული ბანკების მიერ დე ფაქტო აფხაზეთის „აპრას“ World ბარათების მომსახურების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პირველადი ინფორმაციით, ეს ინფორმაცია არ ეხება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ბანკებს.
ამის შესახებ კობა გვენეტაძემ BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. სებ-ის პრეზიდენტის თქმით, მარეგულირებელს კომუნიკაცია აქვს ბანკებთან და მათგან იმ ინფორმაციას ელის, რომელიც ამ განცხადებას სრულყოფს.
„ჩვენ გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია; პირველადი ინფორმაციით, ეს არ ეხება ბანკებს, რომლებიც ლიცენზირებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ამასთან დაკავშირებით დეტალებს დავაზუსტებთ და რამდენადაც ვიცი, თავად ბანკებიც გააკეთებენ ამაზე განცხადებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია ჯერ არ აქვს.