მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მიწისზედა მეტროს პროექტის დაანონსება ნაჩქარევი იყო” - დავით მესხიშვილი

61c888dc7f72c
ანუკა ჯოხაძე
26.12.21 21:00
9933
მიწისზედა მეტროს პროექტი, რომელიც კახა კალაძემ 2018 წელს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად დაანონსა და ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2021 წელი დასახელდა, ამ დრომდე პროექტად რჩება.

დღეს უკვე თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ მიწისზედა პროექტის განხორციელება არ განიხილება, რადგან პანდემიის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მაჩვენებელი შემცირებულია.

ექსპერტების აზრით, პროექტის დაანონსება ხელისუფლებამ იჩქარა და ფაქტია, ჯერ დაანონსა და შემდეგ კი დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო პროექტის განხორციელება.

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილიც ამბობს, რომ ის პროექტის იდეას მისი დაანონსების დღიდანვე სკეპტიკურად უყურებდა და თან, დღეს სხვა პრიორიტეტები გვაქვს, რაზეც სამუშაოა.

დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ ასათვისებელია პირობითად დიდი დიღმის მიმართულება, რომელიც ერთ-ერთი მზარდი უბანია. ამასთან, მისივე განმარტებით, მიწისზედა მეტროს ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივა შეიძლება იყოს ტრამვაი, რომელიც ბევრად უფრო იაფი და ეკოლოგიური ტრასნპორტია.

“ჩემი აზრით, თავის დროზე ნაჩქარევი იყო პროექტის დაანონსება, რადგან სერიოზული კვლევა, რასაც ეს პროექტი უნდა დაყრდნობოდა, არ იყო მზად. აღნიშნული კვლევა არც დღეს გვინახავს. მოსასმენად მომხიბვლელი პროექტი იყო, გრანდიოზულ პროექტზე მიდიოდა საუბარი, თუმცა ტრანსპორტი არის სფერო, რომელიც გარდა იმისა, რომ შეიძლება მომხიბლავად ჟღერდეს, ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას სჭირდება სერიოზული კვლევები.

საზოგადოებრივი ტრასნპორტის განვითარება და არსებული ქსელის გაგრძელება, თუნდაც იქ, სადაც არ არის მჭიდრო დასახლება, მაინც კარგია და მნიშვნელოვანია, რადგან ამ ტერიტორიაზე შემდეგ ბიზნესის მხრიდანაც ინტერესი იზრდება და  მოსახლეობაც შეიძლება დასახლდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა პირველ რიგში იქ, სადაც უკვე განაშენიანებულია და მოსახლეობაც ცხოვრობს. სწორედ აქ უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება ჯერ და არა იქ, სადაც მოსახლეობა ნაკლებია. ვფიქრობ, პრიოროტეტების დალაგებაშიც იყო პრობლემა“, - აცხადებს „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.

ცნობისთვის: მიწისზედა მეტროს პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე 8 ახალი სადგურის აშენება იგეგმებოდა, რომელიც 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურებოდა. პირველ ეტაპზევე პროექტის განხორციელებაში 90 მილიონი ლარის დახარჯვა იყო განსაზღვრული. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ამ შემთხვევაში, აღნიშნული პროექტით არსებული სარკინიგზო ხაზის რუსთავამდე გაგრძელებაც იყო გეგმაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები