მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსჯელობა უნდა დაიწყოს არა კაბელის სწორად შეერთებაზე, არამედ იმაზე, როგორ დაიწყო პროცესი - ლალაზაშვილი

6353b1b01aead
მარიამ დემეტრაშვილი
22.10.22 23:12
548
BDO-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა გადაცემაში „ანალიტიკა“ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასა და ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრა.

როგორც ის ამბობს, როდესაც ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებზეა საუბარი, მსჯელობა უნდა დაიწყოს არა მხოლოდ იმაზე, კაბელი სწორად იყო თუ არა შეერთებული, არამედ როგორ დაიწყო პროცესი - არის თუ არა სახელმწიფო შესყიდვები ეფექტიანი, რათა საზოგადოებამ ხარისხიანი შედეგი მიიღოს.

„შემთხვევიდან შემთხვევამდე ვცხოვრობთ - რაღაც მოხდება, დაიწყება აღშფოთებული ხალხის მსჯელობა. მომხდარის გარშემო ვერაფერს ვერ ვიგებთ - რამე გამოსწორდა თუ არა, შეიცვალა თუ არა და ასე ჩაივლის ეს თემა. შემდეგ ხდება ახალი შემთხვევა და ვიწყებთ კვლავ აღშფოთებულ მსჯელობას. როდესაც ასეთ შემთხვევებზეა საუბარი, უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ იმაზე, ვინმემ დენის კაბელი სწორად შეაერთა თუ არა, არამედ იმაზე, რატომ მივედით მაქამდე, როგორ დაიწყო პროცესი, არის თუ არა სახელმწიფო შესყიდვები ეფექტური, რათა ხარისხიანი შედეგი მივიღოთ, დაყენებულია თუ არა უსაფრთხოების მოთხოვნები სათანადოდ, კონკურენტულ გარემოში ტარდება თუ არა შესყიდვა და ა.შ.

მე მესმის, რომ ყველაფერი არ შეიძლება იცოდეს და ყველაფერზე არ შეიძლება პირველმა პირმა იფიქროს, მაგრამ იმიტომ არსებობს ამხელა სტრუქტურა, დაფინანსება, ბიუროკრატია და ა.შ. რომ მოსახლეობას სახელმწიფო სერვისები ისე მიაწოდონ, რომ ასეთი უბედური შემთხვევები არ მოხდეს“, - განაცხადა ლალაზაშვილმა.

მისივე შეფასებით, დღეს ხელისუფლებას არ აქვს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. მან გადაცემაში კორუფციის რისკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორუფციის არსებობაზე ეჭვიც კი უკვე სისტემის პრობლემაა.

„როდესაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებისგან გარკვეული რეკომენდაციები გაჟღერდება, პოლიტიკოსები იწყებენ თავის მართლების რეჟიმში გადასვლას და რაღაცეების ერთმანეთზე გადაბრალებას. თუ სისტემა ისეა მოწყობილი, სადაც არსებობს აღქმა, რომ იქ შეიძლება კორუფცია არსებობდეს, ეს უკვე პრობლემაა.

არ არის საკმარისი, რომ კანონი გვაქვს კარგი, არ არის საკმარისი ერთი ადამიანის დაჭერა. რატომ არის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ასეთი აღქმები, ამის რეალურად გააზრება მიგვიყვანს სწორედ სისტემური პრობლემების დანახვამდე. ამისთვის უნდა არსებობდეს ნება. გამოსწორებისთვის პირველ რიგში სისტემა უნდა იყოს ჯანსაღი და ჩვენ, საზოგადოება ამას უნდა ვხედავდეთ“, - ამბობს ლალაზაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები