საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის მზადაა, მის მიერ აშენებული ტურისტული ობიექტები "ქართუ ბიზნესს" ფასდაკლებით მიყიდოს. ექს-პრემიერი ჟურნალ entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში მისი ბიზნეს პროექტები უფრო მეტად საქველმოქმედო დატვირთვის მატარებელია. ის ამბობს იმასაც, რომ მზადაა, გასაყიდად გამოიტანოს როგორც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო "პარაგრაფი", ასევე "პანორამა თბილისის" შემადგენლობაში არსებული სასტუმროები.
"ავიღოთ, თუნდაც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“. თუ მას განყენებულად, ცალკე ბიზნესპროექტად განვიხილავთ და ზემოხსენებული უნივერსალური კრიტერიუმებით შევაფასებთ, პროექტი აპრიორი წამგებიანია. ამ სფეროს სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციის ოდენობა ერთ ნომერზე გახარჯული თანხით იანგარიშება. ანუ მთლიანი ინვესტიცია იყოფა ნომრების რაოდენობაზე. უმაღლესი კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს დანახარჯი, ერთ ნომერზე 200-250 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ობიექტი ვერასდროს გავიდეს მოგებაზე. „პარაგრაფში“ სულ 240 ნომერია, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ უკვე 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა და კიდევ გრძელდება. ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს, რომ ერთ ნომერზე გახარჯული თანხა ორმაგად აჭარბებს დადგენილ კრიტერიუმს და 500 ათას დოლარს გასცდა.
შესაბამისად, „პარაგრაფის“ საბაზრო ფასი, მასში ჩადებული ინვესტიციის ნახევარი, ანუ 60 მილიონი დოლარია და შესაძლოა, ამ ფასადაც ვერ გაიყიდოს", - ამბობს ივანიშვილი.
სტატიის ბოლოს კი ნათქვამია, რომ "პანორამა თბილისის" გასხვისება შესაძლებელი იქნება 10%-დან 30%-მდე ფასდაკლებით.
ინტერვიუში ივანიშვილი ქველმოქმედების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ ის გეგმავს, რომ საკუთარი ქონების 90% ქველმოქმედებას მოახმაროს.