მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოვლითი რკინიგზის ადგილზე კერძო ინვესტორმა შესაძლოა ფასიანი ავტომაგისტრალი მოაწყოს

61a618c29fae0
შოთა ტყეშელაშვილი
30.11.21 17:15
3161
თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. პროექტის განვითარებაზე 2013 წლამდე $230 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობამ დაასკვნა, რომ პროექტი წამგებიანი იყო და მისი განვითარება შეჩერდა, სანახევროდ აშენებული ინფრასტრუქტირა კი დაკონსერვდა.

დღეს “საპარტნიორო ფონდის” გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზის საფუძველზე, შესაძლოა თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალი აშენდეს. პროექტი კერძო ინვესტორმა უნდა განახორციელოს, რომლის დაინტერესების მიზნითაც დავით საგანელიძეს აქვს ინიციატივა, რომ იმავე კომპანიას გადაეცეს შემოვლითი მაგისტრალის მიმდებარედ გარკვეული უძრავი ქონება, სადაც საცხოვრებელი სახლები აშენდება.

“იდეა არსებობს, რომ აქ გაკეთდეს თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალი, რომელიც იქნება ფასიანი. რატომ ფასიანი? რადგან არსებობს ერთი შემოვლითი გზა, რომელიც სულ გადატვირთულია და სულ სჭირდება რეაბილიტაცია მეწყერების და სხვა მოვლენების გამო. ფასიანი სახით კი გამოიძებნება ინვესტორი, რომელიც აქ ჩადებს ფულს და თბილისს განტვირთავს დიდი სატრანსპორტო ნაკადებიდან, რომელიც უფრო და უფრო იზრდება. პროექტი არის ძალიან საინტერესო და იდეა იქნა მოწონებული ყველგან სადაც დავსვით. მოვძებნეთ შესაბამისი ინვესტორები, მაგრამ პროექტი თუ ითხოვს X ლარის ინვესტიციას, მისი ამოღება უნდა მოხდეს 15 წელზე.

15 წელზე, რადგან უფრო ნაკლებ დროში ინვესტიციის ამოღება ვერ მოხდება, ხოლო ფასებს ვერ აწევ ისე, როგორც იტალიის, საფრანგეთის ავტობანებზეა, ამიტომ თუ ამ ფასებზე ავწევთ ეს ძალიან დააშინებს ყველას. ქალაქის მერიას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა კვლევები ჩატარებული, ფრანგები და იტალიელები მუშაობდნენ.

თუ დამატებით პრეფერენციებს მივცემთ იმ კომპანიებს, რომლებმაც გზა უნდა გააკეთონ ამ საინვესტიციო ფულს მაინც ვერ ამოიღებენ, მაგრამ თუკი გზის მიმდებარედ გადავცემთ ტერიტორიას დეველოპმენტისთვის და ეს იქნება იმისთვის, რომ ყველა მაინც და მაინც ვაკე-საბურთალოში არ იყოს განთავსებული, მაშინ შეიძლება განვითარება. თუკი მოძებნიან ქართველ დეველოპერებს, რომლებიც თავიანთი თანმხლები ბიზნესებით ამ პროექტს განახორციელებენ მიმაჩნია, რომ პროექტი შეიძლება საინტერესო იყოს,”- აცხადებს დავით საგანელიძე.

2016 წლის ზაფხულში, მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიაშვილმა მიიღო დადგენილება, რომელიც რკინიგზას მოუწოდებდა 4 თვის განმავლობაში მიღებულიყო გადაწყვეტილება თბილისის მერიასთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის N497 განკარგულების შესაბამისად მომზადებული საპროექტო-საინჟინრო კვლევის საფუძველზე წარდგენილ თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუმჯობესებულ პროექტთან დაკავშირებით და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში 22 თვის განმავლობაში დაესრულებინა პროექტი, თუმცა როგორც დრო აჩვენებს აღნიშნული საინჟინრო კვლევების საფუძველზე პროექტის განვითარება აღარ მომხდარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები