მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხმალამოღებული ბრძოლა გიწევს, რომ რამე გააკეთო“ - რა გამოწვევების წინაშეა მცირე და საშუალო ბიზნესი

64c6911a846d9
ლიკა მეგუთნიშვილი
31.07.23 09:15
229
საქართველოში მოქმედმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა BMGtv-ის „ანალიტიკაში“ იმ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც დღეს მათი საქმიანობის თანმდევია. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ყურადღება ისეთ პრობლემებზე გაამახვილეს, როგორიცაა: ფინანსურ რესურსებზე წვდომის, ცოდნისა და ინფორმირებულობის ნაკლებობა, ასევე კადრების დეფიციტი.

„გამოწვევები მუდმივადაა. პრიორიტეტულად თუ დავალაგებთ, პირველი ფინანსურ რესურსებზე წვდომის ნაკლებობაა. აღსანიშნავია ასევე ცოდნის ნაკლებობაც, ადამიანებს შეიძლება არ ჰქონდათ ინფორმაცია იმ სარგებელზე, რასაც სახელმწიფო სტრუქტურები და დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვერ მოახერხონ ბიზნესის დაკრედიტება, დაფინანსების მოძიება და ა.შ. შეიძლება გამოვყოთ ასევე კადრების მიმართულებაც, გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალური სტატისტიკით მიგრაცია ძალიან გაზრდილია, და ხდება იმ მუშახელის გადინება, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ადგილობრივი ბიზნესი, უპირველესად მიკრო და მცირე მეწარმეობა“, - აცხადებს მეღვინეობა „ნიამორის“ დირექტორი, გიორგი ბოჭორიშვილი.

ანალოგიურ გამოწვევებზე საუბრობს „ლუმიერსის“ დამფუძნებელი ემილ კურბანოვიც. მისი თქმით, ბიზნესისთვის უპირველესი პრობლემა დღეს ცოდნის ნაკლებობაა, რაც განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში შეიმჩნევა.

„პირობითად შეიძლება, იმდენად იდეალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, რომ სახელმწიფო გვაძლევდეს დაფინანსებას, მაგრამ, ამავე დროს ჩვენ არ გვქონდეს შესაბამისი ცოდნა, რომ შემდგომ ჩვენ ეს დაფინანსება გამოვიყენოთ. ამიტომ, ერთი მხრივ ეს დაფინანსების ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ - მცირე, ბაზისური ცოდნა იმისათვის, რომ ადამიანმა რაიმეს გაკეთება შეძლოს“, - ამბობს ემილ კურბანოვი.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ბიზნესების დაფინანსებისა და მათთვის ფინანსებზე წვდომის ხელმისაწვდომობის გაზრდის მცდელობისა, ამ მხრივ ხელშესახები არაფერი კეთდება.

„მაგალითად, კონკრეტული სფეროები შეიძლება უფრო მეტად ფინანსდებოდეს, მაგრამ სხვა შედარებით „ნაკლებად საინტერესო“ სფეროები, უფრო მეტად განიცდის კრახს ამ მიმართულებით. თითქოს, მაგალითად ტექნოლოგიურ სფეროს მოვიცავთ, მაგრამ რა ხდება სხვა სფეროებთან დაკავშირებით? - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს „ლუმიერსის“ დამფუძნებელი.

ერთია, რა წერა ფურცელზე და მეორეა - რა არის რეალობაში. გიწევს ხმალამოღებული ბრძოლა იმისთვის, რომ რამე გააკეთო. ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვა გიწევს“, - განაცხადა მეღვინეობა „ნიამორის“ დირექტორმა, გიორგი ბოჭორიშვილმა.

სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი განვითარების გზად, სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკური მოდელის შესწავლასა და ჩვენს რეალობაში დანერგვას მოიაზრებენ.

„ასეთია მაგალითად სინგაპურის მოდელი, სადაც სახელმწიფო მინიმალურად ერევა ბიზნესის საქმიანობაში და ეს მოდელი იდეალურად მუშაობს. ასევე ძალიან წარმატებულია სამხრეთ კორეის მოდელი, სადაც სახელმწიფო ერევა ბიზნესის საქმიანობაში, მაგრამ ამ ჩარევა გულისხმობს თანადაფინანსებას, ბანკებთან ურთიერთობის გამარტივებას, საჭირო განათლების მიწოდებას და ა.შ. ვფიქრობ, საქართველოსთვის იდეალური იქნებოდა, ამ ორ მოდელს შორის რაღაც შუალედური პოზიციის დაჭერა, რაც გულისხმობს თანადაფინანსების მიღებისთვის შესაბამისი კანონმდებლობის შექმნას და ამავდროულად ბიზნესისთვის მეტი თავისუფლების მიცემას. რაღაც ეტაპამდე მაქსიმალურად უნდა შემცირდეს გადასახადები, რომ ბიზნესმა ამოისუნთქოს და შეძლოს ოპერირება და უნდა შევთანხმდეთ, რა შემოსავლის შემდეგ უნდა მოხდეს გადასახადების გადახდა", - „ლუმიერსის“ დამფუძნებელი, ემილ კურბანოვი.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ 2021 წელს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2021-2025 და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა. სტრატეგიის მთავარი მიზანია, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მათი კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების შესაძლებლობის ზრდა, რამაც შემოსავლების, სამუშაო ადგილებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა უნდა განაპირობოს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები