2023 წლის 1 ოქტომბრიდან სსიპ - საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურის ფუნქციები იზრდება. აღნიშნულს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. კერძოდ, მანდატურის სამსახურს ემატება ინკლუზიური განათლების კომპონენტი, რაც ასევე გულისხმობს პირების/მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას, ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაბამისი საგანმანათლებლო პირობების შექმნის მიზნით, საჭირო მხარდამჭერი მომსახურებების გაწევასა და განვითარებას.
აღსანიშნია, რომ პირების/მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირების და საჭიროების შემთხვევაში, კონსულტირების ფუნქციას 2024 წლის 1 იანვრამდე ახორციელებს სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი. ცვლილების პროექტის შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან კი სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი, ინტეგრირებული კლასების და საგანმანათლებლო სერვისის ფუნქციონირების სუპერვიზიის ექსპერტები და სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური კონსულტანტები გადადიან სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურში.
"ვინაიდან, მულტიდისციპლინური გუნდის გადასვლა აღნიშნულ სამსახურში განსაზღვრულია 2024 წლის 1 იანვრიდან და იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს მუშაობის წყვეტა, მნიშვნელოვანია, გადასვლის პროცესი წარიმართოს კოორდინირებულად, შეთანხმებულად და 2024 წლის 1 იანვრამდე დასრულდეს ყველა პროცედურა", - წერია განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულია, რომ 2023 წლის 1 ოქტომბრიდან სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში უნდა ამოქმედდეს ინკლუზიური განათლების მიმართულების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული 12 საშტატო ერთეულით, რომლის წლიური ბიუჯეტი განისაზღვრება 284.8 ათასი ლარით, ხოლო 2023 წლისთვის წლის ბოლომდე საჭირო ხარჯი შეადგენს 94.912 ათას ლარს, რომელიც მიიმართება პროგრამის „უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო“ ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონპროექტის მიხედვით, კერძო სკოლა უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ან/და ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება.