ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ბათუმში 10 ათასამდე ეკონომიკური მიგრანტი გადავიდა საცხოვრებლად, რომლთა ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯი ქალაქს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სტიმულს აძლევს.
ირაკლი თავართქილაძე აცხადებს, რომ მაღალია მათი მსყიდველუნარიანობაც.
„მარტიდან გამოჩნდა ძალიან ბევრი ეკომიგრანტი რუსეთიდან და ბელარუსიდან. ესენი არიან ძირითადად ადამიანები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ IT თუ სხვა სფეროებში, მათი ძირითადი დამსაქმებლები არიან საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც უარს ამბობენ ბელარუსსა და რუსეთში ხელფასების გადახდაზე, სწორედ ამის გამო ბევრი ადამიანი გადმოვიდა ბათუმში. ჩვენი ვარაუდით 10 ათასზე მეტი ადამიანი შემოემატა ქალაქს.
ისინი ქმნიან დიდ ეკონომიკურ აქტივობას ჩვენს ქალაქში, მათ შორის სარესტორნო მომსახურებაში, ბინების გაქირავებასა თუ სხვა საყოფაცხოვრებო კალათის შეძენაში, რომელიც ადამიანებს ახალ ქალაქში ცხოვრების დასაწყებად სჭირდება.
ესენი არიან ადამიანები, რომელთა მინიმალური ანაზღაურება 3 ათასი ევროა, ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია ჩვენი რეგიონისთვის. მსგავსი ხელფასი ჩვენთან 1%-დან 3%-მდე ადამიანს აქვს, შესაბამისად ისინი შეინიშნებიან ყველგან - კაფეებში, ბარებში თუ სხვა გასართობ სივრცეებში. ეს ეკონომიკისთვის საკმაოდ საინტერესო აქტივობაა", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში თავართქილაძემ.