მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾13 მლნ აგრარული სექტორის განვითარებაში - დმანისში შვეიცარიული სკოლა იხსნება

60ef044769657
ვიქტორია მღებრიშვილი
14.07.21 20:03
1120
შვეიცარიულ აგრარულ სკოლა "კავკასიაში“ სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

BM.GE აგრარული სკოლის ამოქმედების დეტალებით დაინტერესდა და სკოლის დირექტორს თინათინ მახარაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, რეგისტრაციის ვადა 12 ივლისიდან დაიწყო და დღეისთვის აგრარულ სკოლაში სწავლის დაწყების სურვილი ძალიან დიდია, ხოლო რეგისტრაცია 20 აგვისტომდე გაგრძელდება. შვეიცარიული აგრარული სკოლა მიმდინარე წელს პირველ სტუდენტებს მიიღებს და სასწავლო პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება.

თინათინ მახარაძე ამბობს, რომ დღეისთვის სკოლა 16 სტუდენტის მიღებას 2 პროფესიულ პროგრამაზე შეძლებს. ეს არის ფერმერობა და რძის პროდუქტების წარმოება. ამასთან, სწავლების მეთოდი თეორიულ და პრაქტიკულ პროგრამას მოიცავს. სასწავლო შენობის გარდა დმანისში ამოქმედებული აგრარული სკოლის ტერიტორიაზე ფერმა და ყველის საწარმო მოქმედებს.

„დღეისთვის შვეიცარიული აგრარული სკოლის ამოქმედებისთვის, რაც სასწავლო შენობასთან ერთად ფერმის მოწყობასა და საწარმოო ხაზის გამართვას მოიცავს, 12-13 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა ეს საბოლოო რიცხვი არაა, რადგან ტერიტორიაზე ფერმის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო ყველის ქარხანაში შვეიცარიული დანადგარები, მომწოდებელმა კომპანიამ მიმდინარე თვეში უნდა დააინსტალიროს“, - უთხრა BM.GE-ის თინათინ მახარაძემ.

სკოლაში სწავლის საფასური წელიწადში - 4 000 ლარია, რომელიც საერთო საცხოვრებელს, სამჯერად კვებას, სასწავლო მასალებს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა „ფერმერის“ არჩევის შემთხვევაში, შვეიცარიელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ დამატებით სასერტიფიკატო კურსებს: აგრომექანიზაციაში; რძის გადამუშავებასა და ბიომეურნეობაში მოიცავს. ამასთან, მისაღები გამოცდების შედეგების შესაბამისად, სწავლის გადასახადზე შეღავათიც განიხილება.



სკოლის დირექტორის განმარტებით, სწავლის მსურველი სტუდენტების შერჩევა ორ ეტაპად მოხდება, პირველი არის გამოცდები ზოგადი ტესტით, რასაც რძის პროგრამების შემთხვევაში ქიმია-ბიოლოგია დაემატება, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრებაა.

"ჩვენ გვინდა შევქმნათ ცოდნის ბაზა. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ფერმერული მეურნეობით დაინტერესებული პირები მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს მიიღებენ. სწავლება არ შემოიფარგლება მხოლოდ 16 სტუდენტით წელიწადში ეტაპობრივად მოკლევადიან ტრენინგებს დავამატებთ და გვექნება ფერმერთა კონსულტაციები. შვეიცარიული სკოლა, რომელთანაც ჩვენ ვპარტნიორობთ ანალოგიური მოდელითაა აწყობილი და აქვთ როგორც გრძელვადიანი ასევე მოკლევადიანი პროგრამები და კონსულტაციები, სწორედ მსგავსი ინფრასტრუქტურის და ბაზის შექმნა გვინდა, რომელიც საქართველოს რეალობაზე იქნება მორგებული. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჯიშობრივ გაუმჯობესებას, ვეტერინარიულ საკითხებს, საძოვრების მართვას, რაშიც ჩვენი გამოცდილი პარტნიორები გვეხმარებიან.

მერძევეობაში მნიშვნელობა ენიჭება დაძველების ტექნოლოგიას, იმისთვის რომ მწარმოებელს მაღალი ფასის პროდუქციის შექმნა შეეძლოს. ერთი ჰექტრისგან როგორ უნდა მივიღოთ მეტი შემოსავალი და შემდეგ ერთი ლიტრი რძე, როგორ უნდა გადავაქციოთ მეტ ღირებულებად, ამას ვასწავლით ჩვენს სტუდენტებს“, - განმარტა თინათინ მახარაძემ.

ცნობისთვის: შვეიცარიული აგრარული სკოლის ამოქმედება გასული წლის სექტემბერში იგეგმებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები