საქსტატის კვლევის მიხედვით, ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელს ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება. 20-24 წლის ასაკის ქალების 8%, რომლებიც ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობენ, 18 წლის ასაკამდე იყვნენ დაქორწინებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში მათი წილი 25%-ით განისაზღვრება.
20-24 წლის ასაკის ქალთა 47%-ს, რომლებიც იყვნენ დაქორწინებული ან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში 18 წლის ასაკამდე, მიღებული აქვთ დაწყებითი ან არასრული საშუალო განათლება, 25%-ს - სრული საშუალო განათლება, 11%-ს პროფესიული განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე 20-24 ასაკის ქალების მხოლოდ 3% იყო დაქორწინებული ან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში 18 წლის ასაკამდე.
20-24 წლის ასაკის ქალების 33%, რომელმაც განაცხადა, რომ იყვნენ დაქორწინებული ან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ კავშირში 18 წლის ასაკამდე, მიეკუთვნებიან კეთილდღეობის ინდექსის უღარიბეს კვინტილს, ხოლო უმდიდრეს კვინტილურ ჯგუფში ანალოგიური მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს.
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ 20-49 წლის ასაკის ქალების წილი, რომლებიც იყვნენ დაქორწინებული ან 18 წლის ასაკამდე, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლში (25%), ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში(12%).
მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს ასაკობრივ ჯგუფებს შორის ადრეული ქორწინების თვალსაზრისით. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც 15 წლამდე ქორწინების, ასევე 18 წლამდე ქორწინების შემთხვევაში, 40-44 წლის ასაკის ქალებში დაფიქსირდა და შესაბამისად, 3 და 27 პროცენტს შეადგენს.