ამერიკაში რიგით მეორე ბურგერების ქსელი Wendy’s Burger-ი 20-წლიანი პაუზის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდება, შესაბამისად, Mcdonald’s-ს და Burger King-ს ქვეყანაში დიდი კონკურენტი გამოუჩნდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კვადრატული ბურგერების წარმოებით განთქმული Wendy’s-ი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სავაჭრო ობიექტის გახსნას და მინიმუმ 12,000 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ გეგმების განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება. კომპანიის განვითარების მთავარი მენეჯერის აბიგაილ პრინგელის თქმით, დიდ ბრიტანეთში ბურგერების და ე.წ takeaway ბაზრის ზრდის პირობებში, Wendy’s-ის დაბრუნება ზუსტად შესაფერის დროს მოხდა. ამასთან, პრინგელმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პერიოდში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა ცალსახად დადებითი მოვლენაა.
Wendy's-ის პირველი რესტორანი ივნისში გაიხსნება, რასაც მოგვიანებით სტრეტფორდსა და ოქსფორდში გაფართოებაც მოჰყვება. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ბრიტანულ ბაზარზე მორგებულ მენიუში რესტორანი მომხმარებლებს ახალ ბურგერებსაც შესთავაზებს, მათ შორის უფრო მეტი ვეგეტარიანული ვარიანტი იქნება.
ამასთან, Wendy's-ის ადმინისტრაციას სჯერა, რომ მას კონკურენციის გაწევა მინიმუმ მაღალ ხარისხზე და მომსახურებაზე აქცენტით შეეძლება და თან კომპანია ბურგერებში ადგილობრივად მოპოვებული პროდუქტების და ახალი ხორცის გამოყენებას აპირებს.
Wendy’s-ის რესტორნების ქსელი 1969 წელს ოჰაიოში დაარსდა და დღეის მდგომარეობით კომპანია 6 800 სავაჭრო ობიექტს ფლობს. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, კომპანიამ ქვეყანა 2001 წელს, იმ პერიოდში ქვეყანასთან შეუსაბამო ხარჯების გამო დატოვა.