ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დირექტორის ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ბათუმში ტურისტების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის 50-60%-ს აღწევს. როგორც მან bm.ge-თან აღნიშნა, მიმდინარე სეზონზე აჭარას ყველაზე მეტი ტურისტი უკრაინიდან, ბელარუსიიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ჰყავს.
წინა წლებისგან განსხვავებით რეგიონში ნაკლებად შეინიშნებიან დამსვენებლები ევროპიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.
„ბათუმში ნორმალური ტურისტული სეზონი გვაქვს, უცხოელი ტურისტები საკმაოდ გვყავს, რაც დაიხურა - ეს იყო ისრაელი, სამაგიეროდ დაემატა ლიეტუვა, ესტონეთი. გაიზარდა ფრენები უკრაინიდან, ბელარუსიიდან, პოლონეთიდან და ყაზახეთიდან. ასევე არაბული ქვეყნებიდან, საუდის არაბეთიდან, დუბაიდან ბევრი ტურისტია შესამჩნევი ქალაქში. შემცირებული რაოდენობით თუმცა სხვადასხვა გზებით მაინც შემოდიან რუსეთის ფედერაციიდან. თვალშისაცემია ევროპელი ტურისტების დეფიციტი და ასევე, წელს ნაკლებად არიან სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.
ბოლო პერიოდში შეინიშნება ასევე ადგილობრივი ტურისტების სიმცირე. ეპიდვითარების გათვალისწინებით ბევრი ერიდება მოგზაურობას, რადგანაც იცით, რომ აჭარაც ერთ-ერთი ეპიცენტრია.
თუ რაოდენობას გამოვაკლებთ ისრაელის სტატისტიკას, შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის 50-60%-იანი ნიშნულით ვართ, ამდენად პიკშია სეზონი და თუ განსაკუთრებული ლოქდაუნი არ გამოცხადდება, ეს პიკი ალბათ შენარჩუნდება 15 სექტემბრამდე. ჯერ-ჯერობით უცხოელი მოგზაურების მხრიდან ფრენებზე და თვითმფრინავებში დატვირთულობა არ იკლებს და 90%-ია. ტურისტების უმრავლესობა აცრილია და ნაკლებ რისკს ხედავს“ - უთხრა bm.ge-ს „აჭარა ტურის“ დირექტორმა ირაკლი თავართქილაძემ.