გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე “საქმიან დილასთან” საუბრისას განმარტავს, რომ წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, ახალი წლის დღეებში ქვეყანამ ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან და სომხეთიდან მიიღო.
მისივე თქმით, ადგილობრივი ტურისტები კი ძირითადად რეგიონებს, ხოლო ყველაზე მეტად კახეთს სტუმრობდნენ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 2022 წლის ახალი წლის დღეების, 2019 წლის მონაცემებთან შედარება რთულია, რადგან ტურისტების კლება რიცხობრივად წელს გაცილებით დიდია.
“წლევანდელ გასტრონომიულ ტურიზმს 2019 წლისას ვერც შევადარებ. 2019-ს რომ დავეწიოთ, კიდევ ბევრი გვიკლია. პირველ რიგში პანდემია უნდა დასრულდეს და შემდგომ ვითარებაც დალაგებას დაიწყებს.
წელს, იყო რესტორნები, რომლებმაც ნორმალურად იმუშავეს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა ახალი წლის ღამეს მუშაობას დაკეტვა ამჯობინა. თუმცა შარშანდელთან შედარებით მეტნაკლებად უკეთესი სიტუაცია იყო", - აღნიშნა ქეთი კვიჭიძემ.