2020 წელს KTW ჯგუფი დეველოპერულ ბიზნესში შესვლას გეგმავს.
როგორც bm.ge-ის კომპანიაში განუცხადეს, იგეგმება ეკო-სოფლის პროექტის განხორციელება, რომელიც კახეთში ღვინის სოფლის მოწყობას გულისხმობს. პროექტის დეტალურ პრეზენტაციას გაზაფხულისთვის გეგმავენ.
რაც შეეხება კომპანიის სხვა გეგმებს, KTW ჯგუფი მანავში 500 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ვენახს აშენებს, სადაც ქართული ვაზის ჯიშები ირგვება. ასევე, გურჯაანში 700 ჰექტარ მიწაზე დაწყებულია საფერავის ჯიშის ვენახის გაშენება.
„კომპანია მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ზეთის ხილის წარმოების კუთხით. KTW ჯგუფი დედოფლისწყაროში 1000 ჰექტარ მიწაზე ზეთის ხილის ბაღებსა და საწარმოს აშენებს, რომელიც ძირითადად ქართული ზეთის ხილის და ზეითუნის ზეთის წარმოება/გადამუშავებასა და ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. აქტიურად მიმდინარეობს ორი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა გურიაში- ოზურგეთსა და ასკანაში. ასევე, სულ მალე გაიხსნება სასტუმრო „ორბელიანი რეზიდენსი“ თბილისში, განახლებულ ორბელიანის მოედანზე“, - აცხადებენ კომპანიაში.
KTW ჯგუფი არც მიმდინარე 2019 წლის შედეგებითაა უკმაყოფილო. მათი ინფორმაციით, დეკემბრის მონაცემებით, ქვეყნის გარეთ გაყიდულია 16 მლნ ერთეული ბოთლი, როცა შარშანდელი წლის ჯამური შედეგი 14.050 მლნ ბოთლი იყო.
„ჩვენი სარეალიზაციო ბაზრები წლის განმავლობაში გაფართოვდა და ორი ახალი ქვეყანა დაგვემატა. სექტემბრიდან ჩვენი პროდუქცია აზერბაიჯანში გადის, წლის ბოლოს კი, თურქმენეთის ბაზრის ათვისება მოხდა, სადაც პირველად პროდუქცია ნოემბერში გავაგზავნეთ. წლის განმავლობაში KTW ჯგუფმა წარმოებაში ჩაუშვა ღვინის რამდენიმე ახალი ხაზი - „შატო მანავი“, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული, ასევე შიდა ბაზრისთვის - „გურამიშვილის მარანი“ „აის ვაინი”, „ოჯალეში“ და ქართლის „დანახარული“, - აცხადებს KTW ჯგუფის გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.