Jeep-ის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ასანიშვილის შეფასებით, 2021 წელი „სტრადა მოტორსისთვის“ საკმაოდ წარმატებული იყო და როგორც კომერციული, ასევე საცალო მიმართულებით გაყიდვები საგრძნობლად გააქტიურდა.
როგორც მან გადაცემა „საქმიან დილაში“ წლის შეჯამებისას აღნიშნა, პანდემიიდან გამომდინარე, ავტოინდუსტრია ბევრი პრობლემის და გამოწვევის წინაშე იდგა, მათ შორის იყო ბაზარზე ავტომობილების ნაწილების წარმოების 16%-იანი კლებაც, თუმცა 2021 წელს როგორც კომპანია, ისე - მომხმარებელი უფრო მეტად მობილიზდა, რაც რიცხვებშიც აისახა.
„პანდემიამდე საქართველოს ავტობაზარი ზრდას განიცდიდა, ახალი ავტომობილების რეგისტრაციის რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 20-25%-ით იზრდებოდა, თუმცა 2020 წელს 24%-მდე კლება დაფიქსირდა. უკვე 2021 წელს კი 11%-იან ზრდაზე გავედით. აღსანიშნია, რომ 2021 წელს 4 500 ახალი ავტომობილი დარეგისტრირდა, ხოლო 2022 წლისთვის, ვფიქრობთ, ეს რიცხვი 5 000-მდე გაიზრდება“, - თქვა ლევან ასანიშვილმა.
„სტრადა მოტორსის“ მიმდინარე წლის გეგმებში ცენტრის მშენებლობის დასრულება და სალონის გაფართოება შედის, რაზეც bm.ge მოგვიანებით მოგიყვებათ.