მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ივანე ჩხარტიშვილის “სმარტ კაპიტალ გრუპმა” ₾187 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

63b43552cf565
შოთა ტყეშელაშვილი
03.01.23 18:11
3456
ჰოლდინგმა “სმარტ კაპიტალ გრუპმა” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანიის საკონტროლო - 51%-იან პაკეტს ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი ფლობს, დანარჩენი 49% კი მის შვილებზე არის გადანაწილებული.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში “სმარტ კაპიტალ გრუპის” შემოსავალი 187.2 მილიონი ლარი იყო, კომპანიის წმინდა მოგებამ კი 20.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2020-თან შედარებით ჯგუფის შემოსავალი 79 მილიონი ლარით, წმინდა მოგება კი 4.8 მილიონი ლარით გაიზარდა.

“სმარტ კაპიტალ გრუპის” შემოსავალი, ძირითადად, თამბაქოს ნაწარმის და ალკოჰოლური პროდუქტების გაყიდვისგან შედგება. თამბაქოს მიმართულებით, კომპანიის საკუთრებაშია კომპანია “თბილისის თამბაქო”, რომელიც სიგარეტი “პირველის” ბრენდით არის ბაზარზე წარმოდგენილი. “თბილისის თამბაქოსთან” ერთად, “სმარტ კაპიტალი” ასევე ფლობს მის სადისტრიბუციო კომპანია “გეოდისტრიბუციას”.

ალკოჰოლური პროდუქტების მიმართულებით კი, ივანე ჩხარტიშვილის ჰოლდინგი შილდას ღვინის ქარხანას ფლობს. ასევე, “თელავი დისტილერის”, “ქართული ვაზისა და ღვინის კომპანიას” ფლობს. კომპანიას შილდაში მდებარე ღვინის ქარხნით წლიურად 7 მილიონი ბოთლის ჩამოსხმა შეუძლია.

კომპანიის საოპერაციო ამონაგები ასე ნაწილდება:

● შემოსავალი თამბაქოს პროდუქციის გაყიდვიდან - 170.5 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 73.5 მლნ;
● შემოსავალი საწვავის ტრანსპორტირების სერვისიდან - 8.8 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 3 მლნ;
● შემოსავალი ღვინის პროდუქციის გაყიდვიდან - 6.6 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 2.6 მლნ;
● სხვა შემოსავალი - 1.3 მილიონი ლარი.
● ჯამი - 187.2 მილიონი ლარი.

რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კი 149.6 მილიონი ლარი იყო. კომპანიის ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები 17.1 მილიონ ლარს შეადგენდა, ფინანსური ხარჯები კი 3.7 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივები - 131 მილიონი, ხოლო ვალდებულებები 85 მილიონი ლარია.

“ჯგუფის აქტივები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, მათ შორისაა ხუთი ძირითადი სექტორი: ენერგეტიკა და ნავთობი, უძრავი ქონების და სასტუმროების განვითარება და მენეჯმენტი, სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტი, ტექნოლოგია, წარმოება და ლოჯისტიკა,”- ნათქვამია ჯგუფის ფინანსურ ანგარიშში.

“სმარტ კაპიტალ გრუპში” შემავალი კომპანიების გარდა, ივანე ჩხარტიშვილი ფლობს ბიზნეს ინტერესებს სხვა კომპანიებშიც. მათ შორის ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველ “ევრო-აზიურ მენეჯმენტ ჯგუფში”, სადაც ივანე ჩხარტიშვილი თანათავმჯდომარის პოსტს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები