2021 წელს საქართველომ ჩაის ექსპორტით $4.7 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
ვიქტორია მღებრიშვილი
03.05.22 21:20
• 1414
გასულ წელს საქართველომ 2 439 ტონა ჩაის ექსპორტით 4.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2021 წელს ექსპორტის ღირებულება 8.2%-ით შემცირდა, ხოლო რეალიზებული პროდუქტის მოცულობა 2.7%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, მოცულობის მიხედვით ამ პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაი მონღოლეთში გავიდა, ხოლო ექსპორტის ღირებულების მიხედვით მთავარი საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის აზერბაიჯანია. საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული კი ასეთია:
1. აზერბაიჯანი - 2.3 მლნ დოლარი, 335 ტონა; 2. თურქეთი - 622 ათასი დოლარი, 196 ტონა; 3. მონღოლეთი - 492 ათასი დოლარი, 899 ტონა; 4. ბელარუსი - 198 ათასი დოლარი, 130 ტონა; 5. თურქმენეთი - 190 ათასი დოლარი, 111 ტონა; 6. ყაზახეთი - 176 ათასი დოლარი, 441 ტონა; 7. უკრაინა - 159 ათასი დოლარი, 91 ტონა; 8. რუსეთი - 125 ათასი დოლარი, 160 ტონა; 9. უზბეკეთი - 116 ათასი დოლარი, 15 ტონა; 10. ესტონეთი - 93 ათასი დოლარი, 1 ტონა.
გარდა ამისა, ჩაი მცირე მოცულობებით ექსპორტზე ჩეხეთში, გერმანიაში, ტაივანში, ტაჯიკეთში, კანადაში, ისრაელში, საფრანგეთში, სომხეთში, მოლდოვაში, პოლონეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გავიდა.
2022 წლის I კვარტლის მონაცემებით კი საქართველოდან 959 ათასი დოლარის ღირებულების 477 ტონა ჩაის რეალიზაცია მოხდა. ამ პერიოდში ექსპორტით მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით, ხოლო 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 35.9%-ით ჩამორჩება. (2021 წლის იანვარ-მარტი - 1.1 მლნ დოლარი, 614 ტონა; 2020 წლის I კვარტალი - 1,5 მლნ დოლარი, 655 ტონა).
რაც შეეხება იმას - როგორი იყო გასულ წელს ჩაის იმპორტი, სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2021 წელს 2 524 ტონა ჩაის შესაძენად ქვეყნიდან 9 მლნ დოლარი გავიდა, რაც 2020 წლის იმპორტთან შედარებით 13.8%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნია, რომ ისევე როგორც ექსპორტის შემთხვევაში, საქართველოსთვის ჩაის მთავარი საიმპორტო ბაზარი აზერბაიჯანია. TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა კი შემდეგია:
1. აზერბაიჯანი - 4.9 მლნ დოლარი, 782 ტონა; 2. რუსეთი - 1.7 მლნ დოლარი, 266 ტონა; 3. შრი-ლანკა - 1.4 მლნ დოლარი, 324 ტონა; 4. თურქეთი - 272 ათასი დოლარი, 1 002 ტონა; 5. გერმანია - 143 ათასი დოლარი, 6 ტონა; 6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 143 ათასი დოლარი, 12 ტონა; 7. საფრანგეთი - 125 ათასი დოლარი, 3 ტონა; 8. ირანი - 70 ათასი დოლარი, 101 ტონა; 9. პოლონეთი - 46 ათასი დოლარი, 1 ტონა; 10. ჩინეთი - 36 ათასი დოლარი, 12 ტონა.