2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 13%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ 753 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბა. ამის შესახებ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებიდან ირკვევა, რომელმაც გასული წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პროგნოზს, ეს მაჩვენებელი ეკონომიკის სამინისტრომ დააზუსტა, რომლის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4%-ით გაიზრდება და 14 მლრდ 312.3 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწევს.
აღნიშნული მოთხოვნის დაფარვას სახელმწიფო ადგილობრივი და იმპორტირებული რესურსით გეგმავს. ესკო-ს ინფორმაციით, 2021 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება 13.3%-ით გაიზარდა და 12 მლრდ 645 მლნ კვტ.სთ შეადგინა, წელს კი მთავრობა 2%-იან ზრდას (12 მლრდ 918.3 მლნ კვტ.სთ) ელოდება.
მოხმარების დაკმაყოფილებისთვის ადგილობრივი ობიექტების გენერაცია საკმარისი არ არის, შესაბამისად ეკონომიკის სამინისტრო წელს 2 მლრდ 366.7 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტს გეგმავს, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს რამდენიმე თვე “ენგურჰესი” რეაბილიტაციის გამო გაჩერებული იყო, რამაც იმპორტზე წნეხი დამატებით განაპირობა.