როგორც Georgian Products-ის დამფუძნებელმა, დავით ბარდაველიძემ BMG-სთან განაცხადა, მხოლოდ 2022 წელს კომპანიამ ექსპორტზე $22 მლნ დოლარის პროდუქცია გაიტანა.
„ცხოველების ავეჯზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. ჩვენ ძირითადად ევროპის ბაზარზე ვართ კონცენტრირებული, სადაც 2015 წლიდან ვოპერირებთ და მას შემდეგ ყოველწლიური და მზარდი წარმატება გვაქვს. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა კატის სახლებსა და რბილ ავეჯზე. ჩვენი კონტრაქტის მიხედვით, გვაქვს პერსპექტივა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროპის ბაზარზე პროდუქცია უნდა გავასამმაგოთ. ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ხარისხმა და სწორმა ფასმა ეს წარმატება მოგვაპოვებინა. ჩვენი თანამშრომლები თავდაუზოგავად შრომობენ და მათი დამსახურებაა, რომ MADE IN GEORGIA-ს წარწერით უკვე წლებია, ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე გადის“, - აცხადებს დავით ბარდაველიძე.
მისივე თქმით, ის, რაც ევროპელ თუ ამერიკელ მომხმარებელს ყველაზე მეტად იზიდავს, პროდუქციის მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასებია.
„ჩვენმა ხარისხმა ამ ბაზრებზე დადებითი კვალი დატოვა, ძალიან ლოიალურად და კარგად მიგვიღეს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია მაღალხარისხიანია, მუდმივად ვცდილობთ ფასის ის სეგმენტი დავიჭიროთ, რაც მასობრივი მომხმარებლისთვის მისაღებია. ფასები $5-დან $120-მდე მერყეობს, გააჩნია მოდელს, ზომას, ხარისხს. ევროპელი მომხმარებელი უფრო ძვირფას პროდუქტს ირჩევს, ვიდრე ამერიკელი”, - აღნიშნა დავით ბარდაველიძემ.
ცნობისთვის: კომპანია „ჯორჯიან პროდაქტსმა“ ცხოველების ავეჯის საწარმო 2014 წელს აამოქმედა. მისი გაყიდვები სრულად ექსპორტზეა ორიენტირებული. დღეისთვის კომპანიის წლიური წარმადობა 1 მლნ ერთეული ავეჯია და ის 550 ადამიანს ასაქმებს.
“ცხოველების ავეჯის საწარმო 2014 წელს აამოქმედა. მისი გაყიდვები სრულად ექსპორტზეა ორიენტირებული. დღეისთვის კომპანიის წლიური წარმადობა 1 მლნ ერთეული ავეჯია და ის 550 ადამიანს ასაქმებს.