მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს მთავარი გამოწვევა ინფლაცია იყო, მოგვიწია ფასების ზრდა - "ჯიპიაი ჰოლდინგი"

643ea9ce7eacd
მარიამ ვარადაშვილი
19.04.23 10:00
558
“ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი, პაატა ლომაძე BMGTV-ის ეთერში აცხადებს, რომ გასულ წელს დაზღვევის სექტორისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მაღალი ინფლაცია იყო.

საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები უკვე წარადგინეს. მათი მიხედვით, გასული წლის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ ჯამურად მოზიდული პრემია წლიურად 18%-ით, 910 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მცირედით იკლო ჯამურმა მოგებამ და ის გასულ წელს არსებული 40 მილიონი ლარიდან 39 მილიონ ლარამდე შემცირდა.

სადაზღვევო კომპანიებს შორის ყველაზე დიდი პრემია "ჯიპიაი ჰოლდინგმა" მოიზიდა, რომელმაც შემოსავალი 140 მილიონიდან 165 მილიონ ლარამდე გაზარდა. "ჯიპიაის" წმინდა მოგებამ კი 3.6 მილიონი ლარი შეადგინა.

“2022 წელს შეიძლება პანდემიიდან გამოსვლის წელი ვუწოდოთ. ეს წელი განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ წინა წელს პროგნოზირება ძალიან რთული იყო, ანუ იმის თქმა, რა მოხდებოდა 2022 წელს. პრინციპში ბაზარი გაიზარდა და ჩვენი კომპანიის ზრდაც დაახლოებით ბაზრის ზრდის ტოლფასია ან შეიძლება ცოტათი აჭარბებს კიდეც. ჩვენი კომპანიის მომგებიანობა 2021 წელთან შედარებით ცოტათი გაუმჯობესდა. ძირითადი გამოწვევა, რაც 2022 წელს იყო, ინფლაციური პროცესებია, ეს კომპანიის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია, რადგან ის მომსახურება, რასაც ჩვენი მომხმარებლისთვის ვყიდულობთ - საუბარია სამედიცინო სერვისებსა და ავტოსერვისებზე - მნიშვნელოვნად გაძვირდა. შესაბამისად ეს კომპანიის ზარალიანობის ზრდაზე აისახა. თუმცა, 2022 წელს ამის მეტნაკლებად დასტაბილურება შევძელით. ჩვენი მომხმარებლისთვის ფასის ზრდა მოგვიწია და მინდა მადლობა ვუთხრა სტაბილურ მომხმარებელს, რომლებიც გაძვირებას გაგებით მოეკიდნენ. ხარჯების ზრდამ გამოიწვია ის, რომ მოგვიწია ფასის ზრდა. ჯამში სადაზღვევო ბაზრის შემოსავლების ზრდა დიდწილად ინფლაციური პროცესებით არის განპირობებული",-აცხადებს "ჯიპიაი ჰოლდინგის" ხელმძღვანელი. 

მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ დაზღვეულთა მიერ სამედიცნო სერვისების გამოყენება გაზრდილია.

“სამედიცინო სერვისების მოხმარება უჩვეულოდ არის გაზრდილი, ვგულისხმობ არა ჰოსპიტალურს, არამედ ამბულატორიულ მომსახურებას. ამის ახსნა ბევრი რამით შეიძლება და არ მინდა ამას შევყვე, რადგან ექიმი არ ვარ, თუმცა პანდემიის შემდეგ საგრძნობლად გაზრდილია მიმართვიანობა. პატარა წამოხველებაზეც უნდათ დარწმუნდნენ, რომ რაიმე მძიმე არ ემუქრებათ. ეს მხოლოდ ჩვენს კომპანიაში არ ხდება და ზოგადად, სამედიცინო სერვისების მოხმარება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამისი პროგნოზირება და შემდეგ სადაზღვევო პრემიაში ასახვა ძალიან გვიანდება, შესაბამისად რთულია ამ პროცესის მართვა. ვერ გეტყვით, რომ ახალი დაზღვეულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, თუმცა ფაქტია, რომ ვინც დაზღვევას “გემო გაუგო”, ძალიან სტაბილურად არიან და ამ სქემიდან არ გადიან",-ამბობს ლომაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები