მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს სასაკლაოებში ხორცის წარმოება 20.5%-ით გაიზარდა - რომელი პირუტყვის დაკვლა გაძვირდა/გაიაფდა?

648aedd8473b5
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.23 18:38
809
2022 წელს ქვეყანაში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა 17 ერთეულით გაიზარდა და 135 ერთეული შეადგინა.

საქსტატის სასაკლაოების გამოკვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, გაზრდილია ასევე სასაკლაოებში დაკლულია პირუტყვის რაოდენობების, რამაც 409.8 ათასი სული პირუტყვი შეადგინა, მათ შორის 41.7% - მსხვილფეხა რქოსანი, ხოლო 58.3% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა) პირუტყვი იყო. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 975.2 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2022 წლის განმავლობაში 52 331.2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), რაც 2021 წელს წარმოებული ხორცის მოცულობებს 20.5%-ით აღემატება. წარმოებული ხორციდან კი 36.5% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.4% - ფრინველის, 20.9% - ღორის, 1.1% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

ამასთან, წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორციდან 2 975 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 54.8% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 21.8% - ფრინველის ხორცზე, ხოლო 20.4% - ღორის ხორცზე.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ჯამში სასაკლაოებმა 43 ათას პირს გაუწია მომსახურება, საიდანაც 39.3% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 130 კაცი შეადგინა.

აღსანიშნია, რომ ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის შემთხვევაში 2021 წელს არსებული 29.9 ლარიდან 33 ლარამდე გაიზარდა, ცხვრის ან თხის 14.6 ლარამდე შემცირდა (15.7₾), ღორის დაკვლის ღირებულება კი - 28.2 ლარამდე გაიზარდა (27.1₾).

ქვეყანაში მოქმედი სასაკლაოებიდან 18.5% - ქვემო ქართლში, 17% - შიდა ქართლში, 15.6% - კახეთში, 13.3% - იმერეთში, 10.4% - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 25.2% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სასაკლაოების უმრავლესობა (52.6%) სრულად თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, 45.2% ნაწილობრივაა აღჭურვილი, ხოლო 2.2% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი არ არის. ამასთან, სასაკლაოების 76.3% სესხით არ სარგებლობს, ხოლო 23.7%-ს სესხი სხვადასხვა მიზნით აქვს აღებული: 62.5%-ს - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 37.5%-ს - საბრუნავი კაპიტალისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები