მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს Waime Spices-მა ექსპორტზე 1.5 ტონა ქართული სუნელი გაიტანა

63cfab6b89633
თინათინ ნატმელაძე
25.01.23 10:02
615
სანელებლების მწარმოებელმა ქართულმა კომპანია Waime Spices-მა 2022 წელი 10%-იანი ზრდით დაასრულა და საერთო ჯამში 6 ტონა სუნელი გაყიდა, აქედან 1.5 ტონა ექსპორტზე გაიტანა. შედეგებზე კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოგიამ BM.GE-თან ისაუბრა.

„კარგი წელი იყო, მშვენიერი შედეგით დავასრულეთ, ჩვენს მაღაზიაში 150 სახეობის პროდუქტი გვაქვს წარმოდგენილი, აქედან 15 სახეობა ჩვენი საფირმო ნარევია, მაგრამ მნიშვნელოვანი სირთულეებიც გამოიკვეთა ექსპორტის კუთხით. ჩვენი პროდუქცია ისრაელში, აზერბაიჯანსა და პოლონეთშია წარმოდგენილი, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კი შემცირდა მათი მყიდველუნარიანობა და უფრო მეტი სიფრთხილით მიუდგნენ უცხო პროდუქციის შეძენას.

შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი კომპანიის 10%-იანი ზრდა სრულად ქართული ბაზრის დამსახურებაა, ჩვენი მომხმარებლების 55% მაინც ქართველები არიან, 45% კი ტურისტები, წელს საკმაოდ დიდი რაოდენობა იყვნენ სომეხი და ისრაელი ტურისტები", - განაცხადა გიორგი გოგიამ.

Waime Spices-ის დამფუძნებელი 2023 წლის გეგმებზეც გვიყვება, რომელშიც გაფართოება, წარმადობის გაზრდა და ახალი საექსპორტო ბაზრები შედის.

„2023 წელს ვაპირებთ გავხსნათ კიდევ ორი ფილიალი დიღომსა და საბურთალოზე, ამჟამად მოლაპარაკებების პროცესში ვართ.

ასევე ვაფართოებთ საექსპორტო ბაზრებსაც, რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს მოლაპარაკება, მათ შორის უნგრეთთან, სადაც სულ მალე გამოვჩნდებით.

აქედან გამომდინარე, გაიზრდება ჩვენი წარმადობაც, გვინდა, რომ ამ წელს ჩვენი სარეალიზაციო პროდუქტის რაოდენობა გავაორმაგოთ", - განმარტავს გოგია.

შეგახსენებთ, რომ Waime Spices-ის პროდუქცია „ბაზარი ორბელიანზე“ არსებულ მათ პირად მაღაზიაშია წარმოდგენილი, კომპანია ამჟამად ექვს ადამიანს ასაქმებს და დამფუძნებლის ცნობით, გაფართოების შემდეგ კიდევ ხუთ კადრს დაასაქმებს. პროდუქციის საშუალო ფასი კი 4.5 ლარია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები