მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლიდან მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლები გაფართოვდება - კანონპროექტი

61b8a0a0cf72b
ინგა მურუსიძე
14.12.21 22:14
2853
„რეგიონებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რაც მიწის რესურსებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესს შეუწყობს ხელს“, - ასე გამოეხმაურა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.

აღნიშნულ კანონპროექტზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა.

მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლიდან 2 მიმართულებით მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით 2022 წლის 1 იანვრიდან იხსნება საშეღავათო რეჟიმი როგორც სისტემური, ასევე სპორადული რეჟიმისთვის ამან გარკვეული გამოწვევა წარმოიშვა თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული რეფორმა.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გაზრდილი შესაძლებლობების ფონზე იწყებს მასშტაბურ და ამბიციურ პროექტს და 2022 წლის 1 იანვრიდან რეალურად იწყება ახალი ფაზა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის, რაც ნიშნავს, რომ დღეს არსებული საშეღავათო რეჟიმი შენარჩუნდება სისტემური რეგისტრაციისთვის, ხოლო სპორადული რეგისტრაცია ფასიანი გახდება“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებები დადებითად შეაფასეს და მის მხარდაჭერაზე მზაობა განაცხადეს.

„აგრარულ საკითხთა კომიტეტში მიწის ეფექტიანად მართვის სამუშაო ჯგუფი გვაქვს შექმნილი და სწორედ ამ ჯგუფის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, სადაც გაგვაცნეს ეს მონახაზი. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ რეგიონებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რაც მიწის რესურსებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესს შეუწყობს ხელს. ეს სასტარტო ნაბიჯი ხელს შეუწყობს სხვა ინიციატივების განხორციელებასაც“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს დარეგისტრირება, რათა ვიცოდეთ ვინ რისი მფლობელია. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას. მიწის რეგისტრაციის შემდეგ გაირკვევა რა უნდა გაიცეს კერძო საკუთრებაში და რა უნდა დარჩეს სახელმწიფოს ბალანსზე. ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები