შოკოლადების ბრენდი “შოკოტელა” 2022 წლიდან ბრენდული მაღაზიის და საწარმო ხაზის გაკეთებას გეგმავს.
როგორც “საქმიან დილაში” კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ განაცხადა, ამ ნაბიჯით კომპანია გაცილებით მეტი შოკოლადის წარმოებას და რეალიზაციას შეძლებს.
“ბელგიიდან დანადგარებს ველოდები. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ შოკოლადთან სამუშაო დანადგარები ნამდვილად ძვირია. როდესაც დანადგარები ჩამოვა, დიდი შეკვეთების აღებას და ბაზარზე მასშტაბურად გამოჩენას შევძლებ. როდესაც ყველაფერი მზად მექნება, წარმადობას 2000-3000 შოკოლადამდე გავზრდი.” - განმარტა კაპანაძემ.
კაპანაძის თქმითვე, საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულზე გაზრდილი ფასის გამო, შოკოლადზე ფასის მატება მასაც მოუწევს.
“ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე 20%-ით მოხდა, შესაბამისად შოკოლადზე ფასის ზრდა მეც მიწევს და 2022 წლიდან 40 ლარი იქნება.” - აღნიშნა “შოკოტელას” დამფუძნებელმა.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, კომპანიის დამფუძნებელს შემოთავაზება კანადიდან უკვე ჰქონდა, თუმცა იქაური ბაზრის დასაკმაყოფილებლად დღეს არსებულზე მეტი შოკოლადის წარმოებაა საჭირო.