მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლიდან სოფლის მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის - რას ითვალისწინებს ტყითსარგებლობის წესი?

63503621b2e04
ალა ისპირიანი
19.10.22 21:35
1528
ტყითსარგებლობის წესის მიხედვით, 2023 წლიდან სოფლის მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის და საშეშე მასალის ყიდვა ე.წ საქმიან ეზოებში მოუწევს.

აღნიშნული წესი მთავრობამ გასულ წელს მიიღო და წარმოდგენილი ცვლილებებით საშეშე და სამასალე მერქნის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები შეძლებენ, შესაბამისი წესით დაახარისხებენ და დასაწყობების ადგილებზე ე.წ საქმიან ეზოებში განათავსებენ.

"ეროვნული სატყეო სააგენტოს" იურიდიული სამსახურის უფროსის დავით დამენიას თქმით, 40-მდე "საქმიანი ეზო" უკვე შექმნილია და რამდენიმე ათეულის მოწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ იგეგმება.

მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ სატყეო სააგენტო მერქნული რესურსის, როგორც ადგილიდან გაყიდვას,ისე მის ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

„მოსახლეობა, რომელიც შედის და ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე ტყეში მერქანს მოიპოვებს, ნელ-ნელა ტყიდან გამოვლენ და ამ ფუნქციას ტყის მართვის ორგანი აიღებს. ეს საბოლოოდ უზრუნველყოფს, რომ ე.წ საქმიან ეზოებში გადმოვა მერქნული რესურსი და მოქალაქეებს შეეძლებათ არა თავიანთი ფიზიკური ძალით და ტყეში შესვლით და იქ ხე-ტყის მოპოვებით მიიღონ მერქნული რესურსი, არამედ ცივილიზებულად მივლენ „საქმიან ეზოებში“ და მიიღებენ მოჭრილ, დახარისხებულ მერქნულ რესურს.

სატყეო სააგენტო მერქნული რესურსის, როგორც ადგილიდან გაყიდვას, მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში მის ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს. უკვე 40-მდე საქმიანი ეზოა აშენებული და მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათეულის მოწყობა კიდევ იგეგმება“, - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წესი შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ახალი ტყის კოდექსის პრინციპებთან, რომელმაც ტყის მართვასთან დაკავშირებით არაერთი სიახლე შემოგვთავაზა. მათ შორის საინვესტიციო წინადადების შემთხვევაში, რა მიზნით შეიძლება ტყეს სტატუსი შეუწყდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები