გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ შედეგებზე ისაუბრა. მისი პროგნოზით, 2030 წლისთვის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 200 000 ტონას გადააჭარბებს.
„ჩვენი გათვლებით, მხოლოდ გასულ წელს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ახალი ბაღებიდან მივიღეთ 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი, რომლის ღირებულება 85 მლნ ლარს აღემატება. მომდევნო წლებში, პროგრამით გაშენებული მრავალწლოვანი კულტურების საპროგნოზო მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით. საპროგნოზო მაჩვენებლით, 2030 წლისათვის, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 200 ათას ტონას გადააჭარბებს, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 500 მილიონი ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, ჯამში მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა 10 000-მდე, ხოლო დროებით დაქირავებულთა რაოდენობა 45 000-მდეა“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში წლიდან წლამდე თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები იზრდება, რაც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ შედეგია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, გაშენებულია 20.000 ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი, მოწყობილია 16 თანამედროვე სანერგე მეურნეობა.
მინისტრის თქმით, წარმატებით მიმდინარეობს "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტი, რომლითაც მხოლოდ 2022 წელს 16 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. გაცემულია 990 მლნ ლარზე მეტი სესხი, სადაც სახელმწიფო თანადაფინსება 170 მლნ ლარზე მეტია.