მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 ევროპარლამენტარი ევროკომისიას EU-ს როუმინგის სივრცეში საქართველოს ჩართვისკენ მოუწოდებს

639ec023a6591
ლიკა მეგუთნიშვილი
18.12.22 11:23
746
ევროპარლამენტის 24-მა დეპუტატმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფორ დერ ლაიენს მიმართა და საქართველოს ევროკავშირის როუმინგის სივრცეში ჩართვისკენ მოუწოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ევროპარლამენტარების წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპული ოჯახის წევრები არიან და ევროპული როუმინგის რეჟიმი მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული ამბიციების გზაზე.

გარდა ამისა, წერილში ნათქვამია ისიც, რომ საქართველომ ევროკავშირთან საერთო როუმინგული სივრცის არსებობა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა და მას შემდეგ, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„საქართველომ უკვე რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირთან საერთო როუმინგის სივრცე მათთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მას შემდეგ, საქართველო აქტიურად მუშაობდა რეგიონული როუმინგისა და რეგიონული სპექტრის შეთანხმებებზე ხელმოწერისთვის. გარდა ამისა, საქართველოს აქვს მაღალგანვითარებული საკომუნიკაციო სექტორი.

იმედი გვაქვს, რომ კომისია მხარს დაუჭერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთო როუმინგის სივრცის შექმნას კოორდინირებული თანამშრომლობისა და დახმარების გზით, რაც ფოკუსირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის საერთაშორისო როუმინგის ტარიფების ეტაპობრივად შემცირებისკენ, ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად. ეს საქართველოს ევროპული გზისადმი ჩვენი კავშირის განუყოფელი მხარდაჭერის ხელშესახები ნიშანი იქნება“ , - ნათქვამია ევროპარლამენტარების მიმართვაში.

ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის ტარიფები 2017 წელს გაუქმდა. საქართველოს, EU-სა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს შორის როუმინგული ტარიფების შემცირებაზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. რამდენიმე კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქტიურ მუშაობას იწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები