მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

28 სექტემბრიდან Wizz Air-ი ქუთაისი-კრაკოვის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ანახლებს

6141cd15f350e
ვიქტორია მღებრიშვილი
15.09.21 14:56
764
28 სექტემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია - Wizz Air კრაკოვის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს აღადგენს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთინება ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით, საქართველოში Wizz Air-ის ტოპ მენეჯმენტის სამუშაო ვიზიტისას მიიღეს.

კრაკოვი-ქუთაისი-კრაკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით შეასრულდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებაზე უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

„ნაყოფიერი გამოდგა საქართველოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის Wizz Air-ის ვიზიტი. შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად სულ ცოტა ხანში კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიიღო, რომ კრაკოვსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა აღადგინოს. ამ ეტაპზე, Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 14 მიმართულებით ასრულებს. რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებიდან, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 80 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. გვაქვს მოლოდინი, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნების ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებითაც აღადგენს ფრენებს", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პოლონეთთან დამატებით კიდევ ერთი პირდაპირი რეისის დანიშვნა ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. მისი შეფასებით, ეს კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვაგრძელებთ ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას და სწრაფ აღდგენას.

პოლონეთი, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი და ძლიერი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვემზადებით შემოდგომისა და ზამთრის ტურისტული სეზონების სათანადო დონეზე წარმართვისთვის და ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნა ევროპიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისა და იმერეთის მხარისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულება, სადაც 28 სექტემბრიდან მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა მგზავრებს პოლონეთის 4 ქალაქში: ვარშავაში, გდანსკში, ვროცლავსა და კატოვიცეში შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები