რამდენიმე კვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ხვალიდან ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება განახლდება.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" განმარტებით, სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები სამშაბათისა და შაბათის გარდა, კვირაში 5 ჯერ შესრულდება.
"სვანეთში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ფრენები 11 აგვისტოდან შეჩერებული იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტი გაიხსნა მესტიის მიმართულებით ფრენებიც აღდგა. აღნიშნული რეისებიც COVID-19-დან გამომდინარე ყველა არსებული რეგულაციების დაცვით ხორციელდება, ეს იქნება სოციალური დისტანცირება, თერმოსქრინინგი, სავალდებულო პირბადის ტარება და სხვა. სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა და ვიმედოვნებთ, რომ ამ ულამაზეს რეგიონს ისევ მალე ბევრი ტურისტი ეწვევა”, - აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ფრენების შეჩერება სვანეთში COVID-19-ის პრევენციის გამო მოხდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების სვანეთი ჩაიკეტა და შესაბამისად სვანეთის მიმართულებით რეგულარული ფრენებიც, დროებით, შეჩერდა. თუმცა 2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება და 3 სექტემბრიდან AK-Air Georgia მესტიის მიმართულებით ფრენებსაც განაახლებს.
ავიაბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარია. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება. 3 წლამდე ჩვილებისთვის კი, მგზავრობა უფასოა. ავიაბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს https://ticket.vanillasky.ge/en/tickets