მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3975 სადეპუტატო კითხვიდან რამდენს გაეცა პასუხი და რამდენი დარჩა პასუხგაუცემელი? - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის კითხვაზე რეაგირების შესახებ მომზადებულ ინფორმაციას გაეცნენ. კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ  საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გაზრდა იყო, რაც პარლამენტის ახალ რეგლამენტში აისახა და დეპუტატის შეკითხვაზე რეაგირებას და ამ საკითხზე კი კომიტეტის მიერ შესაბამისი სტატისტიკის ანალიზისა და დასკვნის ყოველ კვარტალურად წარდგენას გულისხმობს. 

ირაკლი ქადაგიშვილის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად 2022 წლის 3 ნოემბრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე პარლამენტში დეპუტატების მიერ გაგზავნილ 3975 კითხვაზე პასუხი 3054-ს (77%) გაეცა, პასუხგაუცემელი კი 921 (23%) კითხვა დარჩა.

მომხსენებელმა კითხვებზე გაცემულ პასუხებში გამოკვეთილი დარღვევების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში  კითხვაზე პასუხი გაცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ ან დარღვეულია პასუხის გაცემისთვის განკუთვნილი ვადა. 

„ჩვენი სურვილი და კანონის მოთხოვნაა, რომ ეს დინამიკა მუდმივად გაუმჯობესებისკენ მიდიოდეს. ამიტომაც მოვიწვიეთ მთავრობის წარმომადგენელი, რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად მიიტანოს ყველა პასუხისმგებელ პირთან და სტრუქტურასთან, რათა მოცემული ანალიზის საფუძველზე იმსჯელონ რა უნდა გაკეთდეს ამ მონაცემებიდან გამომდინარე, რომ დინამიკა გახდეს საუკეთესო.  პარლამენტის წევრების კითხვებზე რეაგირება საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია და მნიშვნელოვანია დეპუტატის უფლებამოსილების შესრულებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტმა სხდომაზე ასევე იმსჯელა  „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტზე  საქართველოს მოქალაქე ზვიად კორძაძის ლობისტად რეგისტრაციის საკითხზე.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით,  კომიტეტმა  შესაბამისი მოკვლევა ჩაატარა, საკითხი შეისწავლა და გაარკვია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია პარლამენტის ბიუროს მიერ ზვიად კორძაძის ლობისტად რეგისტრაციას დაუჭიროს მხარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები