მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

45-95 ლიტრის ავზიან 12 ავტომობილში ერთჯერადად 80-100 ლიტრი საწვავი ჩაასხეს - მარნეულის მუნიციპალიტეტის აუდიტი

622c6e34419c2
ელენე გოგბერაშვილი
12.03.22 15:06
1409
აუდიტის სამსახური მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საჯარო მოსამსახურეებმა 100 ტონამდე საწვავი არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოიყენეს, ამასთან 2 წლის განმავლობაში თითქმის 9 000 ლიტრამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს. ირკვევა ისიც, რომ 19 შემთხვევაში, 45-95 ლიტრის ავზის მქონე 12 ავტომობილში ერთჯერადად 80-100 ლიტრი საწვავი ჩაასხეს.

"საბიუჯეტო ორგანიზაციებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, საწვავის ხარჯვის მიზნობრიობის კონტროლი აგაი სისტემის მეშვეობით ხორციელდება. აღნიშნული სისტემით საწვავი გამოიყენება მხოლოდ ავტორიზებულ ავტომანქანებზე და მინიმუმამდეა დაყვანილი არამიზნობრივი ხარჯვის რისკები, როგორიცაა, არაავტორიზებულ ავტომანქანაში არასამსახურებრივი დანიშნულებისათვის საწვავის ჩასხმა და სხვ.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა საწვავის ყოველდღიური ხარჯვა ცალკეულ საჯარო მოსამსახურეზე გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში. გამოვლინდა, რომ საჯარო მოსამსახურეებმა 100 ტონამდე (30%-მდე) საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებებით გადაადგილებისას (თბილისი, რუსთავი, ბოლნისი, თელავი, გორი, ზესტაფონი, მახინჯაური, ჩაქვი, ბათუმი და ა.შ.), რომლებიც წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, არ უკავშირდებოდა სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას (მივლინებას).

2019-2020 წლებში 8800 ლიტრამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს, მათ შორის, 3700 ლიტრამდე (42%) − მარნეულის მუნიციპალიტეტის გარეთ, სხვადასხვა მიმართულებით: თბილისში, რუსთავში, ბოლნისში, გორში, ზესტაფონში, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში და ა.შ.

წარმოდგენილი მონაცემების შესწავლის შედეგად, ასევე, გამოვლინდა გარემოებები, როდესაც ავტომობილებში ერთჯერადად ჩასხმულია ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი, კერძოდ, საუბარია 19 შემთხვევაზე, როდესაც სულ 12 ავტომობილში, რომელთა ავზების მოცულობა 45-95 ლიტრია, ერთჯერადად ჩასხმულია 80-100 ლიტრი საწვავი, რაც მანქანების ავზის მოცულობებიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა"-წერია აუდიტის დასკვნაში.

ამასთან, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ აგაი სისტემის ჩიპი მოხსნილი იყო 6 მუნიციპალურ და 9 კერძო საკუთრებაში მყოფ მანქანაზე. შესაბამისად, აგაი სისტემის ჩიპის გამოყენება შესაძლებელი იყო სხვა მანქანებზეც.

აუდიტი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშიც, თუმცა მდგომარეობა არ გამოსწორებულა.

დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტოსაშუალებების რაოდენობა აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.

კერძოდ, ნაცვლად 7-8 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 10 სამორიგეო მანქანით, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილებიდან 2019 წელს − 87 და 2020 წელს − 84 ავტომანქანით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები