მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გაატაროთ ზამთრის არდადეგები საქართველოში - ITB Berlin

63984c27ac172
გიორგი არონია
13.12.22 16:55
638
ძველით ახალი წელი, მეკვლეობა, ბედობა, ქართული სუფრა და სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ამ ზამთარს ბაკურიანში ჩატარდება - ყველაფერი ეს ის მიზეზებია, რომელთა გამო, ამ ზამთარს, დამსვენებლები საქართველოს უნდა ესტუმრონ, - აი, ასე ფიქრობს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენა, გერმანული ITB Berlin-ი, რომელიც 1966 წლიდან, გერმანიის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება.

ცნობისთვის, 2023 წელს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გამოფენის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მორიგი სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც ქართულენოვან თარგმანს, BM.GE უცვლელად გთავაზობთ.

მიზეზი #1: უსასრულო დასვენების დღეები

იცოდით, რომ ქართველები მეორე ახალ წელსაც ზეიმობენ? მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო საახალწლო დეკორაციებს ყუთებში ალაგებს და ყოველდღიურ ცხოვრებას უბრუნდება, ქართველები კიდევ ერთ სადღესასწაულო სუფრასთან სხდებიან. ყოველი წლის 14 იანვარს, ფეიერვერკის, ციმციმა ნათურების, ხელგაშლილი სუფრების, დიდებული მუსიკისა და ცეკვის ფონზე, ადგილობრივები „ძველით ახალ წელს“ აღნიშნავენ. ამგვარად, თუ სადღესასწაულო დღეები არასდროს გყოფნით, დასვენება საქართველოში გაიხანგრძლივეთ, სადაც გულს მომღიმარი სახეები, კონცერტები, საკვებისა და სახელოვნებო ბაზრობები და მედიდური კერძები გაგითბობენ.

მიზეზი #2: სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

საქართველოს მთაგორიანი ლანდშაფტი თავგადასავლების მოყვარულთ ისედაც ათწლეულების განმავლობაში იზიდავდა, მაგრამ ეს ზამთარი განსაკუთრებული იქნება. საქმე ისაა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ადგილი - ბაკურიანი, სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს! ამგვარად, შესაძლებლობა გაქვთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ამომავალი სპორტის ღონისძიებას დაესწროთ და თან, ზამთრის სპორტის სახეობებში საკუთარი თავი გამოცადოთ. ძალზე პოპულარულ ბაკურიანთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილ თანამედროვე ინფრასტრუქტურას და საქვეყნოდ ცნობილ ხელოვნურ თოვლს საქართველოს სხვა მაღალმთიან კურორტებზეც შეხვდებით!

მიზეზი #3: გჯერა, რომ ზოგჯერ, ციდან კანფეტები ცვივა?

შეიძლება ზღაპრად მოგეჩვენოთ, მაგრამ საქართველოში - ეს რეალობაა. ტრადიციის მიხედვით, პირველ ადამიანს, რომელიც ახალი წლის ღამეს, თორმეტი საათის შემდეგ ვინმეს ესტუმრება - მეკვლის ტიტული ენიჭება. მეკვლემ სახლში მარჯვენა ფეხით უნდა შემოაბიჯოს, მაცხოვრებლებს კეთილი სურვილები უსურვოს და ჰაერში, რაც შეიძლება მეტი ტკბილეული ააგდოს. მეკვლეობა, რომელიც ყოველწლიური ტრადიციაა, დიდი პატივისცემის სიმბოლოა, რადგან გადმოცემის თანახმად, სწორედ მეკვლე განსაზღვრავს იმ ოჯახის ბედისწერას შემდეგი წლის განმავლობაში.

მიზეზი #4: ბედობა

ქართულ ფოლკლორს თუ დავუჯერებთ, ორი იანვარი ის დღეა, რომელიც მთელი წლის ბედისწერას განსაზღვრავს - ამიტომაც, ამ დღეს, ქართველები კარგ ხასიათით ხვდებიან, კეთილ საქმეებს სჩადიან და თავდავიწყებით ერთობიან. ბედობა დღეს, ბედნიერი და იმედით აღვსილ ქართველებთან დროის გატარება - უდიდესი სიამოვნებაა.

მიზეზი #5: მისი დიდებულება, ქართული სუფრა!

დღესასწაულებისთვის ოჯახები და რესტორნები საკუთარი სტუმრების გამასპინძლებისთვის მომზადებას და საუკეთესო პროდუქტის მომარაგებას ნოემბერში იწყებენ. მართალია, ქართველები სუფრებს მთელი წლის განმავლობაში შლიან, მაგრამ სადღესასწაულო სუფრა, მაინც ყველაზე მრავალფეროვანი და სახელგანთქმულია. სამზარეულოდან და კერძისგან მომავალი არომატები სტუმრებს მრავალი წლის განმავლობაში გაჰყვებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები