მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“5 მლნ, რაც ფილმის წარმოებაზე საქართველოში იხარჯება, ძალიან მცირეა”- ეროვნული კინოცენტრი

605a199f19807
ანუკა ჯოხაძე
23.03.21 22:20
942
კინოინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები უკვე წლებია საუბრობენ, რომ ქართული კინოს დაფინანსება უნდა გაიზარდოს. აღნიშნულ საკითხზე საუბრობს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძეც, რომელიც ამბობს, რომ ახლად ჩამოყალიბებულ კულტურის სამინისტროსთან ამ საკითხზე საუბარს გეგმავს. ჩხეიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ქართულ კინოინდუსტრიაში არაერთი საკანონმდებლო ცვლილებაც აუცილებელია, რაც ქართულ კინოს საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას გაუზრდის. მისი განმარტებით, ამ ნაწილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თეა წულუკიანი ჩართულობა, რისი მოლოდინიც აქვს.

“5 მილიონი, რაც ფილმის წარმოებაზე იხარჯება საქართველოში არის ძალიან მცირე თანხა. ევროპული სტანდარტებით ეს არის ფაქტიობრივად ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ბიუჯეტი, ეს თანხა კი ჩვენთან სახელმწიფო სუბსიდიების სახით გამოიყოფა. საუბარი იქნება დაფინანსების გაზრდაზე, მაგრამ მეორე მხრივ პარლამენტმაც უნდა იფიქროს ისეთი კანონების შექმნაზე და ისეთი გარემოც უნდა შეიქმნას, რომ თავად ინვესტორს მოუნდეს თანხების ჩადება საქართველოს კინოინდუსტრიის სფეროში. ასევე უნდა გაძლიერდეს ჩვენი ურთიერთობა შემოქმედებით ევროპასთან, სადაც კონკრეტულ პროგრამებში ვღებულობთ მონაწილეობას, თუმცა არის გარკვეული პროგრამები, სადაც დაფინანსების სქემა არის დახურული საქართველოსთვის. ეს კი იმიტომ რომ აუდიო-ვიზუალის მიმართულებით კანონები არის მისაღები საქართველოში, რაც ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ამ კანონების მიღება დაგვიანდა, მაგრამ ქალბატონი თეა წულუკიანი იურისტია და მგონია რომ ეს საქმე აუცილებლად წაიწევს წინ.”-აცხადებს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე.

ცნობისთვის, მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში ჯერ კიდევ 2018 წელს მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდა. სწორედ ამ შემცირებაში მოჰყვა კულტურისა და სპორტის სამინისტროც, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეურთდა.
2020 წლის დეკემბერში კი უკვე ცნობილი გახდა, რომ "ოცნების" მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით, მზად იყო, გაუქმებული სამინისტრო ისევ აღედგინა, ასეც მოხდა. კულტურის სამინისტრო ამჯერად თეა წულუკიანმა ჩაიბარა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი 300,7 მლნ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები