მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 სამრეწველო დარგი და 2 ქვედარგი რომელიც ექსპორტის პოტენციალს ავლენს - EPRC-ის კვლევა

5e90520f88fa0
ვიქტორია მღებრიშვილი
10.04.20 16:30
3278
17 სასაქონლო ჯგუფისა და 46 დარგის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი 5 პერსპექტიული დარგი და 2 ქვედარგი, რომლებსაც განვითარების, ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ზრდის პოტენციალი აქვს - ეს შედეგები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GeClose2EU) ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ - "საქართველოდან ევროკავშირში მრეწველობის და მომსახურების ცალკეული პროდუქტების ექპორტირების პერსპექტივების შეფასება" გამოავლინა.

როგორც EPRC-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, პროექტი პერსპეტივაში, შერჩეული ორი დარგის ტექნიკურ დახმარებასაც ითვალისწინებს. კვლევით გამოკვეთილ პერსპექტიულ დარგებს ექსპორტის მიმართულებით განვითარების გარდა, ადგილობრივ ბაზარზე წარმოების განვითარების შესაძლებლობაც აქვთ. ამასთან შედეგებში, აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით განვითარების პოტენციალის მქონე კომპანიები მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერას საჭიროებენ.

"აღნიშნული 46 დარგიდან, კვლევის შედეგად, გამოიკვეთა რამდენიმე (ხუთი) მეტად პერსპექტიული მიმართულება ბიზნესისთვის, რომელიც, სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში, ექსპორტის პოტენციალს ავლენს, ესენია: 1. ტანსაცმლის წარმოება; 2. ფეხსაცმლის წარმოება; 3. ტყავისა და მასთან დაკავშირებული საქონლის წარმოება; 4. ხის და კორპის წაროება, ნაკეთობების წარმოება ჩაის და წნული მასალებისგან; 5. ავეჯის წარმოება", - ნათვამია EPRC-ის კვლევის შედეგებში, რომელსაც BM.GE კვლევითი ცენტრის რეკომენდაციებთან ერთად უცვლელად გთავაზობთ:

"საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი დარგები – შესაბამისად ტექსტილთან, სოფლის მეურნეობასთან, ხე-ტყის დამუშავებასთან, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ინდუსტრიასთან ერთად ქმნიან კლასტერებს, რაც სამომავლოდ ყველა დარგის მეტ-ნაკლები განვითარების იმედს იძლევა. საქართველოში ამჟამად ეს კლასტერები ჩანასახოვან მდგომარეობაშია და სწორი განვითარებისაა სახარბიელო ეკონომიკური კონიუნქტურის პირობებში განვითარების კარგი პოტენციალიგააჩნიათ; მაგალითად ტანსაცმლის ინდუსტრია ზოგადად მრეწველობასთან და დამამუშავებელ მრეწველობასთან შედარებით ბოლო დეკადის განმავლობაში ბევრად უფრო დამაიმედებელ დინამიკაშია.

მართალია, ამ დარგის წილი მთლიანად მრეწველობაში მაღალი არ არის, მაგრამ ზრდის პოტენციალი იმდენად თვალშისაცემია, რომ მისი გამოყენება, ახალი ბაზრების გამონახვის შემთხვევაში, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ასევე ამ დარგს დასაქმების (განსაკუთრებით დაბალი განვითარების მქონე რეგიონებში) პოტენციალი აქვს.

ხის დამუშავების სფეროში საკმაოდ სწრაფად იზრდება ბრუნვაც და დამატებული ღირებულებაც.
ბრუნვის ზრდით იგი წინ უსწრებს დამამუშავებელ მრეწველობას და მრეწველობას მთლიანად.
ამავე დროს, შედარებით ნელა იზრდება დამატებული ღირებულება, რაც მარჟების თანდათანობით შემცირებას მოასწავებს. საქსტატის მონაცემებით, ამ დარგში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებია ფიქსირებული ინვესტიციები და მათ შორის, ფიქსირებული ინვესტიციები ერთ დასაქმებულზე, რაც მიანიშნებს, რომ დარგის განვითარებისათვის აუცილებელი არ არის დიდი ზომის ინვესტიციების მობილიზება. დარგისათვის ხელსაყრელია ის გარემოება, რომ 2014-2015 წლების მინი კრიზისის შემდეგ ევროკავშირის ბაზარი გამოცოცხლებას განიცდის და იმპორტი წლიურად საშუალოდ 10%-ზე მეტად იზრდება.

აღნიშნული დარგებიდან შესაძლო დანახარჯისა და პოტენციალის ურთიერთმიმართებით პერსპექტიულ ქვედარგებად კვლევაში გამოყოფილია საბავშვო ტანსაცმლის წარმოება (ტანსაცმლის წარმოების ქვადარგი) და სათამაშოების წარმოება (უპირატესად ხის სათამაშოების, როგორც ხის ნაკეთობების ქვედარგის). ამ ქვედარგების შერჩევისას გათვალისწინებული იქნა წარმატებული ქეისების გამოცდილება (მათ შორის საკმაოდ დაბალი ბრუნვის მქონე კომპანიების მიერ ევროკავშირის ბაზარზე განხორციელებული ექსპორტის ფაქტები) და ის ფაქტორი, რომ ამ ქვედარგებში შედარებით მცირე დანახარჯებით შესაძლებელია მეტი ეფექტის მიღწევა.

ამასთან, აღნიშნულ დარგებს აქვთ არა მხოლოდ ექსპორტის, არამედ მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალიც შიდა ბაზარზეც, რადგან ზემოთქმულიდან გამომდინარე, კვლევის რეკომენდაციაა, გამოკვეთილი 5 დარგის მიმართულებით, პირველ რიგში კი 2 ქვედარგის (ბავშვთა ტანსაცმლის და სათამაშოების წარმოება) განხორციელდეს მიზნობრივი დახმარების სტრატეგია, რაც შესაძლოა გულისხმობდეს: მხარდაჭერას საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში, კერძოდ – საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის თანადაფინანსებას, ცოდნის მიწოდებას (საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და რეგულაციების, DCFTA ვალდებულებების შესახებ და ა.შ.), საერთაშორისო ლიცენზიებისა და სერტიფიკატების მოპოვებაში დახმარებას, კლასტერების შექმნაში მხარადჭერა, რაც შესაძლებელს გახდიდა მაღალტექნოლოგიური წარმოების დანერგვას მცირე ბიზნესისთვის, ტექნოლოგიური გადაიარაღებაში მხარდაჭერას, წარმოების მასშტაბის ზრდის ხელშემწყობი საქმიანობის მხარდაჭერას და ა.შ.

საჭიროებების კვლევისთვის პროექტის Geclose2EU ფარგლებში, წარმოდგენილი კვლევის საფუძველზე, დაიგეგმა აღნიშნული ორი ქვესექტორის დეტალური კვლევა, რომლის საფუძველზეც შემოთავაზებული იქნება დეტალური რეკომენდაციები ბავშვთა ტანსაცმლის წარმოებისა და სათამაშოების ქვედარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებთან დაკავშირებით", - ნათქვამია EPRC-ის კვლევის შედეგებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები