ჯანდაცვის სამინისტროში GMP და GDP სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით ფარმაცევტულ ბიზნესთან შეხვედრა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, თუმცა რატომღაც ამ შეხვედრაზე ის ბიზნესები ვერ მოხვდნენ, ვინც ბოლო პერიოდში აქტიურად ითხოვდა სტანდარტზე ეტაპობრივად გადასვლას. ასეთია მაგალითად საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია, რომლის წევრიც 22 კომპანიაა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბაზარზე 70-მდე საწარმოა მოქმედი, ეს საკმაოდ მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას წარმოადგენს. ამ გაერთიანების არცერთი წევრი ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე არ მიიწვიეს.
ის, რაც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, არის ის რომ სამინისტრო კვლავ პრინციპულ პოზიციაზე რჩება და არ აპირებს GMP და GDP სტანდარტზე გადასვლა კიდევ გადაავადოს. შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრიდან ყველა იმ ფარმაცევტულ საწარმოს და დისტრიბუტორს, რომლებიც მოთხოვნილ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, გაჩერება მოუწევთ.
ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაერთიანების წევრ ყველა კომპანიას უკვე დაწყებული აქვს მოთხოვნილ რეგულაციებთან მორგების პროცესი, თუმცა 2022 წლის იანვრისთვის ვერ ესწრება. შესაბამისად ითხოვენ, რომ ამ კომპანიებს ე.წ ბუფერული დრო მიეცეთ, მინიმუმ 2 წლის ვადით, რათა ქვეყანა იმ რისკების წინაშე არ აღმოჩნდეს, რასაც ფარმა ბიზნესის დიდი ნაწილის გაჩერება გამოიწვევს.
“52 არსებული მწარმოებლიდან, დიდი უმრავლესობა დაიხურება, რეალურად 2-3 გადავა ახალ სტანდარტზე. დღეს არსებული ვითარებით, ერთს უკვე აღებული აქვს ეს სტანდარტი, იგივეა სადისტრიბუციო კომპანიების მიმართულებით. დაახლოებით სადისტრიბუციო კომპანიების 70-80%-ით ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. წარმოებებში თუ დასაქმებულია ამ დროისთვის 2500 ადამიანამდე, 1500 დარჩება უმუშევარი. 200-250 მილიონიანი ბრუნვა აქვთ მარტო ქართული წარმოებას წელიწადში, ჩათვალეთ რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში ეს განახევრდება, ამასთან ექსპორტიორებს აქვს წელიწადში 70-80 მილიონიანი ბრუნვა, ესეც, რა თქმა უნდა, შეიცვლება“, - აცხადებს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან გოგიბერიძე.
იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა 2022 წლამდე დარჩენილ პერიოდში საწარმოების დიდმა ნაწილმა რეგულაციებთან მორგება ვერ მოასწროს, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტის შექმნას არ გამორიცხავს. მათ შორის მოსალოდნელია, ფარმა პროდუქციაზე ფასიც გაიზარდოს.
„რისკია ის, რომ როდესაც შეწყდება ადგილობრივი მწარმოებლების მიერ პროდუქციის გამოშვება, როდესაც სადისტრიბუციო კომპანიები ოპერაციებს ვერ განახორციელებენ და მედიკამენტების შემოტანას ვერ შეძლებენ, ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტს, შესაბამისად ფასის ზრდას, და ფაქტობრივად, დარგის გაჩერებას“, - აცხადებს გოგიბერიძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა ჯერ კიდევ 2016 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა სისტემის დანერგვა 2018 წლის იანვრამდე გადაიდო, მოგვიანებით კი 2019 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა. შესაბამისად კომპანიებს საკმარისი დრო ჰქონდათ ახალ სტანდარტზე გადასასვლელად მომზადებულიყვნენ, თუმცა იმის გამო, რომ რეგულაციებთან მორგება საშუალო ზომის კომპანიების შემთხვევაში მილიონობით ლარის ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რისი მობილიზებაც ასევე გაართულა პანდემიამ, საწარმოების დიდი ნაწილი ახალ სტანდარტზე გადასასვლელად მზად ისევ არ არის.
მიუხედავად სამინისტროს გაცხადებული პოზიციისა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რეგულაციის გადავადების საკითხზე ბიზნესი კონსულტაციებს ისევ აგრძელებს როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ისე პარლამენტთან. მაგალითად საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა, მიმდინარე კვირაში აღნიშნულ თემაზე როგორც ჯანდაცვის მინისტრს, ისე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ვნახოთ, რამდენად დარჩა რესურსი ამ პროცესში მთავრობა კომპრომისზე წავიდეს.