საქართველოში, 6 დაცულ ტერიტორიაზე შესვლა სავარაუდოდ პირველი ივნისიდან გაძვირდება. შესაბამისი სახის შეტყობინებები ტურიზმის დარგის წარმომადგენლებს დღეს მიუვიდათ, რის შესახებაც გიდები და ტუროპერატორები Facebook-ზე წერენ.
„სეზონის დასაწყისში, დღეს გვამცნეს რომ გაძვირდა: პრომეთე, კინჩხა, სათაფლია, ოკაცე, მარტვილის შესასვლელი ბილეთების ღირებულება. ერთხელ მაინც მოიფიქრონ და სანამ ტურპაკეტებს ავაწყობთ, მანამდე გაგვაფრთხილონ“, - წერს "იბერია ტურს პლიუსის" დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.
ტურიზმის დარგის წარმომადგენლებისთვის გაგზავნილი შეტყობინების მიხედვით, სავარაუდოდ 2023 წლის 1-ელი ივნისიდან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მარტვილის, ოკაცეს, კინჩხას, პრომეთეს, სათაფლიას და ნავენახევის ბილეთების ღირებულების გადახდა გაზრდილი ფასით მოუწევთ.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა ბილეთების ღირებულებას ცვლილება არ შეეხება.
გავრცელებული შეტყობინების გადამოწმება BM.GE-მ ერთ-ერთი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან შეეცადა, სადაც ამბობენ, რომ ღირებულების ცვლილების შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა დადასტურებულად არ იციან გაიზრდება თუ არა ფასები პირველი ივნისიდან.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის დაგზავნილი ინფორმაციით, 6 დაცულ ტერიტორიზე სავარაუდოდ 1 ივნისიდან შემდეგი ფასები იმოქმედებს:
მარტვილში შესვლა საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის 12 ლარი, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეთათვის 20 ლარი იქნება, ნავით გასეირნების ფასი კი 15 ლარი.
დღეისთვის მარტვილის კანიონის დაცულ ტერიტორიაზე შესვლის ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის 9 ლარი იყო, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი 15 ლარი იყო.
ოკაცეს კანიონზე შესვლის ღირებულება ასევე საქართველოს მოქალაქისთვის 12 ლარი იქნება, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის 20 ლარი. მაშინ როდესაც დაცული ტერიტორიების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღეისთვის 8 და 15 ლარია.
კინჩხას ჩაჩქერზე, რომელიც ოკაცეს კანიონში მდებარეობს, შესვლის ახალი ღირებულება 12 და 20 ლარია.
პრომეთეს მღვიმის მონახულების მსურველებს კი ახალი ტარიფებით საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში 12 ლარის, სხვა ქვეყნის შემთხვევაში კი 25 ლარის გადახდა მოუწევთ. ნავით გასეირნება ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქისთვის 13 ლარი ხდება, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის 20 ლარი.
სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, დღეისთვის მღვიმეში შესვლა ქართველებს ფასდაკლებით 11.5 ლარად, ხოლო უცხოელებს 23 ლარად შეეძლოთ. ნავით გასეირნების ღირებულება 17.25 ლარი იყო, საქართველოს მოქალაქისთვის კი 11.5 ლარი ღირს.
სათაფლიის მღვიმეში საქართველოს მოქალაქეები შესვლას 10 ლარად, უცხოელები კი 20 ლარად შეძლებენ. დღეს მოქმედი ფასი ასეთია: 8 ლარი და 17.25 ლარი.
ნავენახევის მღვიმეში შესვლა 8 ლარი გახდება, უცხოელებისთვის კი 12 ლარი იქნება. ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქისთვის ფასი არ იცვლება, სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის კი 0.50 ლარით ძვირდება.
აღსანიშნია, რომ BM.GE-მ დაცულ ტერიტორიებზე ღირებულების გაზრდისა და მიზეზების შესახებ კითხვებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჯერ კიდევ 11 მაისს მიმართა. უწყებაში დაცულ ტერიტორიებზე შესვლის ფასების კორექტირების შესახებ ინფორმაცია დღეს დაგვიდასტურეს, თუმცა რამდენით - არ აკონკრეტებენ. დაცული ტერიტორიების სააგენტოში იმასაც აღნიშნავენ, რომ გავრცელებული რიცხვები სწორი არ არის.
"ფასების კორექტირებაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გავრცელებული რიცხვებიც არაა სწორი. მსჯელობა მინიმალურ კორექტირებაზე მიდის", - აცხადებენ სააგენტოში. *
*ინფორმაცია განახლდა 13.05.2023