მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში „ბბ დაზღვევას“ 1,4 მლნ ლარამდე მოგება ჰქონდა - კოტე სულამანიძე

6 თვეში „ბბ დაზღვევას“ 1,4 მლნ ლარამდე მოგება ჰქონდა - კოტე სულამანიძე
BM.GE
31.07.23 22:00
6

„ბაზისბანკის“ ჰოლდინგში შემავალმა სადაზღვევო კომპანია „ბბ დაზღვევამ“ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 1,4 მლნ ლარამდე მოგება დააგენერირა.

„ბაზისბანკის“ ჰოლდინგში შემავალმა სადაზღვევო კომპანია „ბბ დაზღვევამ“ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 1,4 მლნ ლარამდე მოგება დააგენერირა. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ბბ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა კოტე სულამანიძემ განაცხადა.

კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: საავიაციო დაზღვევა, ტვირთის ტრანსპორტირების დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ბიზნეს უწყვეტობის დაზღვევა, პასუხისმგებლობის დაზღვევა, ავტომობილის და ავტომფლობელთა დაზღვევა.

კოტე სულამანიძის თქმით, „ბბ დაზღვევის“ მიზანია, ხარისხიანი სადაზღვევო პროდუქტების შექმნა. ამ ეტაპზე, კომპანიის პრიორიტეტი, ძირითადად, კორპორაციული სეგმენტია, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებასთან ერთად, საცალო მიმართულებით გააქტიურებასაც გეგმავენ.

„ჩვენი კომპანია არ არის მოწადინებული, რომ რაც შეიძლება მეტ კლიენტს მოემსახუროს. ჩვენი მიზანია, სწორი პროდუქტი შევქმნათ და მაღალი ხარისხი დავიჭიროთ. დღეს საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია დიდი არ არის. ხელოვნურად ამ ბაზარს ვერ შექმნი; თუ ფასებს დაწევ, რაც სამწუხაროდ, ხდება ბაზარზე, შეიძლება პროდუქტი გაყიდო, მაგრამ ხარისხს ვერ შეინარჩუნებ.

სადაზღვევო კომპანიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ანაზღაურებული ზარალის დროულობაა, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ. დღეს, ზარალის დადგომიდან, საშუალოდ, 5.4 დღეში ვახერხებთ ანაზღაურებას. დროულობა ანუ ხარისხი, ბუნებრივია, ადეკვატურ ფასს ითხოვს.

ამდენად, ჩვენ ვართ მოგებაზე ორიენტირებული კომპანია. მე-5 წელია ბაზარზე ვართ და სადაზღვევო კომპანიების რეიტინგში მოგების მიხედვით ხუთეულში ვართ“, - განაცხადა კოტე სულამანიძემ.

მისივე თქმით, „ბბ დაზღვევა“ მიმდინარე წლის დახურვას, მინიმუმ, 3 მლნ ლარის მოგებით გეგმავს.

„2024 წლისთვის კი, გეგმაში გვაქვს, რომ მოგების კუთხით, TOP-სამეულში შევიდეთ“, - აღნიშნა „ბბ დაზღევის“ გენერალურმა დირექტორმა.

საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს 2023 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია. 2022 წლის ანგარიშის თანახმად, კი, 18-მა სადაზღვევო კომპანიამ წლიურად 910 მლნ ლარის პრემია მოიზიდა და ჯამურად, 39 მლნ ლარის მოგება დააგენერირა. მათ შორის „ბბ დაზღვევის“ მოგება 2,4 მლნ ლარი იყო, რითაც ის კომპანიების ხუთეულში შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები