მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 -12 თებერვლის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

6208e48254d80
ირაკლი მაკალათია
13.02.22 17:20
1315
გთავაზობთ გასული კვირის (7 – 12 თებერვალი, 2022) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა
2. საპენსიო სესხის პროცენტზე ზედა ზღვარი დაწესდება
3. საქართველოში 2021 წელს საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17,2% იღებდა
4. საქსტატი ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნებას იწყებს
5. საქართველო The Economist-ის 2021 წლის მსოფლიო დემოკრატიის ინდექსის რეიტინგში
6. ქართული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით 2021 წელს
7. როგორი არის დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეალური სარგებელი
8. მსოფლიო ბანკი “მსოფლიო ბიზნესგარემოს რეიტინგი”-ს შექმნაზე მუშაობს
9. დაიწყება თუ არა საქართველოში IMF-ის ახალი პროგრამა
10. Fitch-ის საკრედიტო რეიტინგი და საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი


1. ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა

გასულ კვირას საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოზიციაზე ნათია თურნავა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეცვალა. სოფლის მეურნეობის მინისტრი კი ლევან დავითაშვილის მოადგილე ოთარ შამუგია გახდა. სად გააგრძელებს საქმიანობას ნათია თურნავა, რომელიც 3 წლის განმავლობაში იკავებდა მინისტრის პოსტს, ჯერჯერობით, უცნობია. ის ამბობს, რომ რჩება „ოცნების“ გუნდში, მაგრამ სხვა ასპარეზზე მოსინჯავს ძალებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3rL0n5O ; https://bit.ly/3GPAC8y ; https://bit.ly/34Xxuug ; https://bit.ly/3BjJEd2 

2. საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთზე ზედა ზღვარი დაწესდება

საპენსიო ასაკის პირებისთვის პენსიით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი 26%-ით განისაზღვრა, ნაცვლად აქამდე არსებული 36%-ისა. ამასთან, მთავრობა, პენსიების დარიგების მომსახურეობისთვის, რომელსაც ლიბერთი ბანკი აქამდე თავისი ხარჯებით უზრუნველყოფდა, მზად არის ყოველწლიურად 15 მლნ ლარი გადაიხადოს. პენსიების დარიგების გაგრძელების სურვილს გამოთქვამს “ლიბერთი ბანკი”. ამასთან, ახალ ტენდერში მონაწილეობის მიღებას “საქართველოს ბანკიც” გეგმავს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/34UgBAA ; https://bit.ly/34UIVT6 ; https://bit.ly/3oJ8nCk 

3. საქართველოში 2021 წელს საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17,2% იღებდა

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 971 648 პირი შეადგინა, საიდანაც ასაკით პენსიის მიმღებები 793 751 ადამიანი იყო. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა (მთლიანი მოსახლეობის 17,2%), რომელთა დასახმარებლად ბიუჯეტიდან ჯამში 44 030 711 ლარი გაიცა (საშუალოდ ერთ ადამიანზე 68 ლარი).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gWeyyN ; https://bit.ly/3BdhBM2 

4. საქსტატი ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნებას იწყებს

ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის პროექტის ფარგლებში საქსტატი ფასების ჰარმონიზებული ინდექსის (Harmonised Index of Consumer Prices – HICP) გამოქვეყნებას იწყებს. სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოთვლისგან მთავარი განმასხვავებელი მეთოდოლოგიური ცვლილება იქნება სამომხმარებლო კალათის წონები. თუ, სფი-სთვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები, ჰარმონიზებული ინდექსის წონებად გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები. HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს და მისი გამოყენება მოხდება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისა და დამატებითი ანალიზისთვის.

აღნიშნული მეთოდოლოგიით 2021 წლის იანვარში ინფლაციამ 12.7% შეადგინა, ხოლო უკვე მოქმედი სამომხმარებლო ფასების ინდექსით 13,9%.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3HMtdrM ; https://bit.ly/34RATud ; https://bit.ly/34PVOy7 

5. საქართველო The Economist-ის 2021 წლის მსოფლიო დემოკრატიის ინდექსის რეიტინგში

The Economist-ის 2021 წლის მსოფლიო დემოკრატიის ინდექსის მიხედვით საქართველო 5.12 ქულით 91-ე ადგილზეა. მოცემული შედეგით საქართველო ჰონდურასსა და ლიბერიას შორის ჰიბრიდულ რეჟიმშია. “ნაკლულ დემოკრატიაზე” დაწინაურებისთვის კი 6 ქულაზე მაღალი შედეგია საჭირო. რეგიონში საქართველო უსწრებს ავტორიტარულ რეჟიმში მყოფ აზერბაიჯანსა და რუსეთს, ხოლო ჩამორჩება სომხეთსა და უკრაინას.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/33kp3IY 

6. ქართული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით 2021 წელს

2021 წლის განმავლობაში ქართული ბანკების წმინდა მოგებამ 2.08 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. რეიტინგში ლიდერია თიბისი ბანკი 940 330 426 ლარის წმინდა მოგებით და რომლის აქტივების საერთო ღირებულებაც 23 405 201 114 ლარია. აღსანიშნავია, რომ 14 ბანკიდან, მხოლოდ პაშა ბანკმა დაასრულა გასული წელი წაგებით (-6 152 902 ლარი).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/34Hmtx4

7. როგორი არის დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეალური სარგებელი
საპენსიო სააგენტოს საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით, საპენსიო სისტემის რეალური სარგებელი ინფლაციის ზრდის ტემპს 4.84%-ით უსწრებს. ამასთან, 2022 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, 1,1 მილიონი მოქალაქის საპენსიო შენატანი სულ 1 781 000 000 ლარი იყო, ხოლო მასზე დარიცხული სარგებელი 282 მილიონი ლარი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3rIFVT2 

8. მსოფლიო ბანკი “მსოფლიო ბიზნესგარემოს რეიტინგი”-ს შექმნაზე მუშაობს

მსოფლიო ბანკი ახალ რეიტინგზე მუშაობს, რომელიც Doing Business-სს ჩაანაცვლებს. ინდექსის სახელი “მსოფლიო ბიზნესგარემოს რეიტინგი” იქნება და ის ქვეყნების ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატს შეაფასებს. შეგახსენებთ, რომ გაუმჭვირვალობისა და მიკერძოებულობის გამო 2021 წლის სექტემბერში მსოფლიო ბანკმა Doing Business-ის ინდექსის გამოქვეყნება შეწყვიტა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3oMFiWJ 

9. დაიწყება თუ არა საქართველოში IMF-ის ახალი პროგრამა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4-წლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველომ ჯამში 687 მილიონი დოლარის სესხი მიიღო, აღნიშნული პროგრამა გასული წლის აპრილში დასრულდა, თუმცა პროექტის განახლებაზე ორივე მხარის მხრიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამას BMG-სთან ინტერვიუში ადასტურებს IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით ,,ამჟამად ქვეყანას IMF-ისგან დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის საჭიროება დღის წესრიგში არ უდგას, თუმცა უმჯობესი იქნება თუკი ქვეყანას ფონდთან ახალი პროგრამა ექნება.’’ ახალი პროგრამის დაწყების შემთხვევაში მთავრობას IMF-ის რეკომენდაციების შესრულება და სახელმწიფო საწარმოების რეფორმა მოუწევს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3JlEiAA ; https://bit.ly/3gOGRPf

10. Fitch-ის საკრედიტო რეიტინგი და საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა. ამასთან, სააგენტო ეკონომიკისთვის წამყვან გამოწვევად მაღალ ინფლაციას ასახელებს, ხოლო ინფლაციის დონის შემცირებას 2022 წლის მეორე კვარტლიდან პროგნოზირებს. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ,,Fitch 2022 წელს საქართველოში 5.5%-იან, 2023-ში კი 5.3%-იან ზრდას პროგნოზირებს.’’
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gJZ1le; https://bit.ly/3GMLcNq ; https://bit.ly/3BkyAMM 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები